აივნური საუზმე
ის აივანი, ხის, ვაზის ლერწმებ აყოლილი და ნიავიანი იყო. ნიავმონაქროლი ჰაერი კი ვაზის ნაზ ფოთლებსაც აშრიალებდა და მაისის ვარდების სურნელითაც მაბრუებდა... აუ, როგორი სხვანაირი აივანი იყო, იცით?! რაღაცნაირად მგრძნობიარე, გასულიერებული... თითქოს სავსემთვარეობას მოუთმენლად ელისო, ზაფხულის ცხელ ღამეებში, განსაკუთრებულად მიზიდავდა. თითქოს სურდა სავსე მთვარით გრანდიოზულად განათებულ ცაზე, ვარსკვლავცვენისთვის პირდაპირ მისი მკლავებიდან მემზირა. მაინც რა კაი ცა იცოდა ჩვენს ბავშვობაში - ვარსკვლავებით მოჭედილი, ნათელი, საოცნებო... იქნებ ახლაც იცის მსგავსი, მაგრამ ვეღარ ვამჩნევთ. დრო გავიდა. გავიზარდეთ. ალბათ იმდენად ჩავეფლეთ დედამიწის ფერხულში, რომ დავიწყებას მიეცა ბავშვის პატარა გულით და დიდი ოცნებებით ზემოთ ახედვა... ასეა თუ ისე, ის აივანი ძალიან სანდო იყო, თავისებურად საიმედო, თუმცა ძველი. ჭრიალა, მაგრამ ისეთი მყარი და წინაპარივით უწყვეტი კავშირის მქონე, რომ - არ წაგაქცევდა, არაფერს გატკენდა, გამძლეობას ინარჩუნებდა და ვუნარჩუნებდი მეც ერთგულებას ხშირი იქ ყოფნით... ინათენდა თუ არა, აივანი, მაშინვე ელვის სისწრაფით შეაჭვრეტინებდა თვალებს მზის ახალდაბადებულ, მოცქრიალე სხივებს თავის ხის მოაჯირში. ის, ამით მზეურდებოდა და მაზიარებდა მზის თბილ ენერგიას, მეც ვეფიცხებოდი. მართალია თუ სხივებისთვის მზერის გასწორებას ვეცდებოდი, მხედველობას მიბნელებდნენ და მერე თვალების ფშვნეტით ვკვდებოდი, მაგრამ ყველაფერს ხიბლი მოჰქონდა თავისებური, ცქმუტვასაც, ცნობისმოყვარეობასაც და უდარდელობის ასაკს, ბუნებასთან იოლი კავშირის დამყარების ჰარმონიული შესაძლებლობა ემატებოდა. მზის ამოსვლისას გადამწვანებულ ხეებში შარიშურს რომ დაიწყენდნენ ჩიტები, მსიამოვნებდა, მათი დაპურება და იმის ცქერა თუ როგორი მონდომებით შეექცეოდნენ პურის მწიფე ნამცეცებს, აგრეთვე ნადავლზე დაუფლების მხოლოდ მათეული, განსხვავებული ნირი მაინტერესებდა. გადავუყრიდი თუ არა საკვებს, ჩიტები მაშინვე შეამჩნევდნენ და ფოთლებში ერთიანად გაიტრუნებოდნენ. ცოტახანში ერთი რომელიმე გაბედული ჩიტი სხვა ჩიტებს გამოეყოფოდა და პირველი გაბედავდა ხიდან ძირს ჩამოფრენას. ის, სვენებ-სვენებითა და სკუპ-სკუპით ნელ-ნელა, დიდი სიფრთხილით მიიწევდა საჭმლისკენ. მომენტებში ყოვნდებოდა, გაიხედ-გამოიხედავდა, იმის დასაზუსტებლად რომელიმე მხრიდან საფრთხე ხომ არ ემუქრებოდა მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. საკუთარ უსაფრთხოებაში რომ დაირწმუნდებდა თავს, მხოლოდ მაშინ გააგრძელებდა სვლას დასახული მიზნისკენ. როგორც კი მიუახლოვდებოდა საკვებს, ერთს აკენკავდა და უმალვე მოხერხებულად გადახტებოდა უკან. უკან გადამხტარი ერთხანს შეყოვნდებოდა, ხელმეორედ გაიხედ-გამოიხედავდა აქეთ-იქეთ და იმის შემდეგ მიუახლოვდებოდა საკვებს ამჯერად უკვე მეორედ, თუ კვლავაც უერთგულებდა უხიფათო გარემო. ხოლო მესამე ლუკმის მშვიდობიანად გადაყლაპვა უკვე დაჭყივლების მტკიცე საფუძველს აძლევდა ანუ სიგნალს, ნადიმზე მოეპატიჟებინა მასზე მოთვალთვალე და ხის ფოთლებში შემალული დანარჩენი ჩიტები, რომლებიც თავის მხრივ სულგანაბულები ელოდნენ თუ როდის მისცემდათ გაბედული ჩიტი საამისო ნიშანს. ესეც დაიჭყივლებდა რაღა თქმა უნდა ჩიტების სასაუბრო ენაზე - ,,შეგიძლით ჩამოფრინდეთ! მიირთვათ! საშიში არაფერიაო". ამჯერად მეორე, პირველით გულმიცემული ჩიტი დაწინაურდებოდა, გარისკავდა ხიდან ჩამოფრენას, წინა ჩიტზე უფრო მეტი სისწრაფით მიუახლოვდებოდა საკვებს და აკენკავდა. ცოტახანში მესამე ჩიტიც შეუერთდებოდა ამ ორს, სკუპ-სკუპით, ხოლო ბოლოს მოფრენილ ჩიტებს სკუპი აღარ ჭირდებოდათ, უკვე ეიმედებოდათ მათზე ადრე საჭმელად მისული ჩიტების დიდი რაოდენობა და მათი დაუფლებული ტერიტორიის უსაფრთხოება, ამიტომ პირდაპირ ხიდან ჩააფრინდებოდნენ ხოლმე მიზანში კარგახნის ამოყვანილ პურის ნამცეცებს. ზოგს თავისი ბარტყი მოჰყავდა და საკუთარი ნისკარტით უდებდა ლუკმას პირში. ის პაწია შვილი ჩიტუნები კი იმოდენა პირებს უბჩენდნენ მშობლების მიერ მირთმეულ მზამზარეულ საკვებს, მოშივებულები იმდენს და ისე ელვის სისწრაფით ყლაპავდნენ თავიანთ წილ ლუკმებს, ლამის წამებში იზრდებოდნენ და ფრთიანდებოდნენ კიდეც. როგორც კი კუჭს მოიჯერებდნენ ჭამით, ისეთივე ნაწილ-ნაწილი მარშით გაფრინდებოდა თითოეული მათგანი, როგორც მოფრინდნენ თავდაპირველად. ჩიტების ნადიმის შემდეგ იწყებოდა ჩვენი, ადამიანური საუზმე, უფრო სწორად მსუყე საუზმობა სადილობაში გადაზრდილი😁 პირდაპირ, იმ ჩემს საყვარელ აივანზე იცოდა ბებიამ თავისი ხელნაკეთი გასტრონომიული შემოქმედების გამოფენა, რომელიც კარაქწასმული, დაბრაწული, ყველგადმომსკდარი ცხელი ხაჭაპურისა და ერთ კოვზ მორეული შაქრის ფინჯან ჩაიში ატეხილი ტკბილი მღელვარების სახით გვირგვინდებოდა. ასე შედიოდა მაშინდელი დილა ძალაში. ✍️ /მარიამ რევიშვილი/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი