მეფის წერილი, საქართველო XIII საუკუნე


მეფის წერილი 👑📜
ნოველის ავტორი - მარიამ რევიშვილი 
საქართველო, XIII საუკუნე.

მზე, ნელ-ნელა ეფარებოდა კავკასიონის მთებს, როცა ახალგაზრდა ვაჟა,  საიდუმლო გზით სასახლის კედლებში ჩუმად შეიყვანეს. იგი მეფის პირადი წერილის გადამტანი იყო და მნიშვნელოვანი გზავნილის დანიშნულების ადგილზე მიტანა ევალებოდა.

მეფე დავით ნარინმა თვალებში ჩახედა მას, ხელში ჩაუდო მეწამულიფერ ხავერდში შეხვეული გრაგნილი და მკაცრი ხმით უთხრა:

— ეს წერილი უნდა ჩაიტანო სამცხეში! სარგის ჯაყელს უნდა გადასცე! გზა სახიფათოა, მაგრამ ამ წერილით ჩვენი მიწების მომავალი ბედი გადაწყდება.

ვაჟამ თავი მორჩილად დახარა, თუმცა გულში სიცოცხლის ერთი სიმი უხმოდ ჩაუწყდა – იცოდა, რომ შესაძლოა, ეს უკანასკნელი მისია ყოფილიყო მისთვის, მაგრამ ეჭვს ვერავის დაანახებდა – მეფის ნდობა საკუთარ სიცოცხლეზე ძვირფასი აღმოჩნდა. მისია იყო არა მხოლოდ მეფის ბრძანების აღსრულება, არამედ საკუთარი რწმენის გამოცდა – იყო თუ არა ის მზად სამშობლოსათვის სიცოცხლის გასაწირად. ახსენდებოდა
ბავშვობაში მამის დარიგება, რომ კაცი სიტყვას და სამშობლოს ერთნაირად უნდა უფრთხილდებოდეს. და აი, ისიც სწორედ ამ მომენტში იდგა არჩევანის წინაშე – უკან დახეულიყო თუ თავის ხვედრს ვაჟა მისი სახელისათვის საკადრისი ვაჟ-კაცობით შეგებებოდა.
„მე მხოლოდ წერილის მიტანის დავალება არ მაქვს – მე სამშობლოს ისტორიის ნაწილად ვიქცევი როგორც ღირსეული ქართველი,“ – გაიფიქრა და უყოყმანოდ გამოართვა წერილი მეფეს.

იმავე ღამით მან გასაიდუმლოებული ბილიკებით დატოვა ციხე-სიმაგრე და სამხრეთისაკენ დაიძრა.

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
ვაჟა, ორი დღე-ღამის მანძილზე ჩუმად გადაადგილდებოდა ტყე-ტყე თავისი ჭრელთვალა ბედაურით, რომლის ფეხების ხმაც ტყის ბილიკებზე ჩუმი ჩრდილივით მიჰყვებოდა ღამის ნიავს. ყოველ ჩრდილზე გულისცემა უჩქარდებოდა ახალგაზრდა კაცს – სიკვდილი აქვე იყო, ბუჩქების მიღმა, გზაზე ჩასაფრებული. ღამეში, ხეები ცოცხალ არსებებად მოჩვენებოდა – ფოთლებში ჩამდგარი სიბნელეები, ლამის მოშტერებულ თვალებად იქცნენ, ხოლო ქარის შრიალი თითქოს უხილავ მტერს უმხელდა მის ადგილსამყოფელს...

მიუხედავად უჩუმარი სვლისა, მესამე დღეს ვაჟა უცხო მხედრებმა შენიშნეს და დაუყონებლივ მიიჭრნენ მასთან. სულ სამნი იყვნენ. ვერცხლისფერი ჯავშნები ისე ამოაბრწყინეს მთვარის შუქზე, ეტყობოდათ ცდილობდნენ ამგვარი მოქმედებით მგზავრის დაშინებას და მერე მის იოლად გატეხვას. თვალებს მტაცებლების მზერასავით აბრიალებდნენ და ერთ მცირე მოძრაობას ელოდნენ, რომ შეეტიათ. ბოლოს ერთ-ერთმა მხედარმა, რომელიც დანარჩენზე მეტად ყელყელაობდა, ხმამაღალა შესძახა ვაჟას:

— სად მიდიხარ, ჭაბუკო? — იქნებ გზა აგებნა? 

ვაჟამ იცოდა, რომ ამ დროს სიმართლის თქმა ყველაზე სახიფათო გადაწყვეტილება იქნებოდა. ამიტომ ასე უპასუხა:

— გურჯი ვაჭარი ვარ. სამცხეში აბრეშუმის ძაფი მიმაქვს.

— ბარემ ჩაიხედე ჩვენი ბედის სარკეში და დაინახავ რომ ერთ საქმეს ვეზიარებით, ოღონდ ჩვენ ხმლიანი ვაჭრები ვართ! ეს თქვა თუ არა, ცინიკურად გაიცინა სამივემ.

ვაჟას ცხენმა მოუსვენრად ააფრუტუნა ნესტოები, თითქოს იგრძნოო არასასურველი სტუმრებისგან მოახლოვებული საფრთხე.

,,მხოლოდ ერთი არასწორი სიტყვა, ერთი არასწორი მოძრაობა, და ხმლები საქმეში ჩაერთვებიან...“ ამის გაფიქრება და ვაჟამ ქისიდან ორი ვერცხლის მონეტა ამოიღო და მეომრებს გაუწოდა. 

ვერცხლის მონეტების დანახვაზე მხედრები ცოტახნით შეყოვნდნენ, სავარაუდოდ, ჩაფიქრდნენ - აეღოთ თუ არა. ფიქრის რეჟიმი უცებ მეორე მეომარმა დაარღვია, მიუბრუნდა იმ პირველს, ვინც სულ პირველად კითხვა დაუსვა ვაჟას და უთხრა:

- შეიძლება ამ ვერცხლით მახეში გვაბამს და ჩვენი მოშორება უნდა. 

- შეგვიძლია გადავამოწმოთ მისი სიტყვების ნამდვილობა და თუ გამტყუნდება ხმლით წავაგდებინოთ თავი - მიუგო პირველმა.

სანამ ესენი ერთმანეთში საუბრობდნენ, მესამე, შედარებით უფრო ახალგაზრდა მეომარმა გაღიზიანებელი ტონით ჰკითხა ვაჟას:

- იქნებ უფრო მეტი სიმდიდრე იმალება შენს ტვირთში, ვიდრე ეს გროშებია?! “ და მთელი ძალით აუკრა ხელი ვაჟას ვერცხლის მონეტებზე. მონეტები ძირს დაიყარა... 

ვაჟა, ამ აგრესიული მეომრის ქცევაზე, ძლიერი სულიერი აღელვების უხედნი ჭაკის სურვილით აღივსო - იერიში მიეტანა მოწინააღმდეგეზე და წიხლებით ჩაექოლა ის, მაგრამ უფრო დიადი საქმის - ქვეყნის უკეთესი მომავლის აღსრულების მიზანს დაემორჩილა, საკუთარი ემოციები გახედნა, მოათვინიერა და მისგან საპასუხო რეაქციის მომლოდინე გაცეცხლებულ მხედარს ყველას გასაოცრად, საოცარი სიმშვიდით შეაგება პასუხი:

- თქვენი ეჭვები გასაგებია. მაგრამ დრო არ ითმენს. აიღეთ ეს ვერცხლი და გამატარეთ, ან თუ გსურთ, შემომიერთდით და ერთად გავაგრძელოთ გზა. არჩევანი თქვენზეა!

ვაჟას მოთმინებით, ჭკუითა და მამაცობით მოხიბლულმა პირველმა მეომარმა, რომელიც ეტყობოდა მართლა პირველობდა იმ ორში, მესამე მეომარს ჩადენილი საქციელი დაუწუნა ,,შენი ადგილი იცოდეო" - მიაძახა მას, ხოლო ვაჟა ასე შეაქო:

- შენში სიმამაცე იგრძნობა, ჭაბუკო! იქნებ მართლაც ვაჭარი ხარ, ან იქნებ... უფრო მეტი. მაგრამ ამ ღამეს, ვერცხლი სისხლზე ძვირფასია ჩვენთვის, შენი კაცობა კი ნამდვილად იმსახურებს თავისუფლებას! 

მხედრებმა აკრიფეს მონეტები, დაემშვიდობნენ ვაჟას და გზა გაუნთავისუფლეს. 

ვაჟამაც აღარ დააყოვნა, ცხენი გააგელვა და თვალის დახამხამებაში გაუჩინარდა ბნელი ღამის მიმართულებით, უფრო უშიშრად და შემართებით, იქითკენ სადაც ქარი ქარიშხალს ამზადებდა ეკლის ხეების დასალეწად და მტვერის აღსაგავებლად პირისაგან მიწისა.
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~

სამცხეში ჩასვლისას, ვაჟამ პირველად შენიშნა, როგორ ეფინებოდა მთებს ოქროსფერი ბინდი. აქ ჰაერიც კი სხვანაირი იყო – სავსე იყო ჯარისკაცების მოახლოებული ნაბიჯების მოლოდინით.
ციხე-სიმაგრის კედლები დუმდნენ, მაგრამ ამ დუმილში იგრძნობოდა ბრძოლების კვალი – მიწა გმირების სისხლით გაჟღენთილიყო. ვაჟამ იცოდა, რომ მალე აქ ახალი ბრძოლა იფეთქებდა.

სამცხეში ჩასულმა წერილი დაუყოვნებლივ გადასცა სარგის ჯაყელს. სარგისმა წერილი ფრთხილად გაშალა, თითქოს ხელში ქვეყნის ბედი ეჭირა. მზერა გრაგნილს გაუსწორა, მაგრამ რამდენიმე წამით ღრმად ჩაისუნთქა – თითქოს მომავალ ბრძოლას უკვე თვალებში უყურებდა.
პირველი სიტყვების წაკითხვისას, მის სახეზე ერთდროულად გაჩნდა გაკვირვება და სიმტკიცე. ხელის თითები გაუთეთრდა, წამით ყველაფერი დადუმდა.... მხოლოდ ცეცხლის ალის ჩხაკუნი ბუხარში და სარგისის აჩქარებული სუნთქვა ისმოდა. ეს წერილი არ იყო უბრალო ბრძანება – ეს იყო ბრძოლის გამოძახილი, რომელიც მთელი ქვეყნის მომავალს განსაზღვრავდა.

გარშემო შემოკრებილმა მოხელეებმა თვალებში ჩახედეს სარგისს – ყველა ელოდა მის სიტყვას, იმ სიტყვას, რომელიც ისტორიის ახალ ფურცელს გადაშლიდა.
ამასობაში, გარეთ ქარი გაძლიერდა და ფანჯრის კარნიზს ძლიერად დაუქროლა – თითქოს ბუნებაც გრძნობდა, რომ საქართველოს ბედი ახლა და ამ წამს, სწორედ ამავე ოთახში წყდებოდა.

უცებ კედლის კუთხეში ერთი სანთელი ბოლომდე დაიღვენთა, ჩაქრა და ოთახს მისცა ნახევრადჩრდილში ჩაძირულის იერი – სარგისი კი, თითქოს ამ სიბნელიდან უფრო ძალამოზღვავებული გამოვიდა. ის მზად იყო უკვე შუქისკენ შურდულივით გაჭრილიყო მეფის ნაბრძანები გზით.

„მეფეს პასუხი უნდა! და პასუხი მხოლოდ ერთი არსებობს!“ – თქვა მან ხმადაბლა, მაგრამ იმდენად მკაფიოდ, რომ თითოეულმა იქმყოფმა იგრძნო მომავალი ბრძოლის მძიმე ნაბიჯების ექო.

სარგისმა წაკითხული წერილი მაგიდაზე დადო და მტკიცედ გადახედა თავის ხალხს – „საქართველო ისევ ერთიანი იქნება, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დღესვე შევიკრიბებით!“

ამ სიტყვების შემდეგ ხმალი შეიხსნა ქამრიდან და მაგიდაზე დაასვენა. ეს იყო ნიშანი, რომ მისი პასუხი მხოლოდ საუბრით არ შემოიფარგლებოდა – ეს ბრძოლის მზაობა იყო, სიტყვის საქმედ ქცევის პირობა! 
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~

მეფე დავით ნარინმა ვაჟას სამცხიდან დაბრუნება ჩვეული სიმშვიდით მიიღო, მაგრამ მის თვალებში ამოიკითხა ის, რაც სიტყვებით არ ითქმებოდა – მადლიერება და ახალი მისიის დაპირება.

„მზად ვარ, დიდო მეფეო! “ – მხოლოდ ეს უთხრა ვაჟამ, როცა მეფის წინ დაიხარა.

დავით ნარინმა გაუღიმა და თავი დაუქნია – ეს ჟესტი კი სავსებით საკმარისი იყო მეფური ნდობის დასადასტურებლად.

ვაჟამ იცოდა, რომ მოსახდენის მხოლოდ დასაწყისი იდგა. ჯერ კიდევ მრავალი წერილი, მრავალი გზავნილი და, იქნებ, მრავალი ომიც უნდა გარდაეხადათ. მაგრამ მან ერთხელ უკვე დაამტკიცა, რომ ერთი ადამიანი, ერთი წერილით, ქვეყნის ბედს ცვლის!

იგრძნო, რომ აღარ იყო იგივე, რომელიც ციხე-სიმაგრიდან ორი კვირის წინ გამოვიდა. ამ მისიამ მის სულს კვალი დაამჩნია, ის აღარ იყო უბრალოდ მაცნე და მხოლოდ მეფის მსახური, – ის ქვეყნის ისტორიის ნაწილი გახდა, რომლის სახელიც შეიძლება მატიანეს არ შემორჩენოდა, მაგრამ ამას ახლა რა მნიშვნელობა ჰქონდა, მთავარი ის გახლდათ, რომ მისმა გაბედულმა ნაბიჯებმა შეცვალა საქართველოს მომავალი. 

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~

მეფესთან შეხვედრის შემდეგ, გარეთ გამოსულმა ვაჟამ სასახლის ბაღი გაიარა, ფიქრებში ჩაძირული მოულოდნელად ერთ ადგილას შეჩერდა, მაღლა აიხედა – ცა ისეთი მშვიდი ჩანდა, თითქოს არც კი იცოდა, როგორი მუქი ღრუბლები ემუქრებოდა. სამაგიეროდ ვაჟამ იცოდა, რომ ეს მხოლოდ დროებითი სიმშვიდე იყო – წინ კიდევ მრავალი ბრძოლა ჩასაფრებულიყო, რომლებიც მოუსვენრად ზვერავდნენ ცხოვრების უღელტეხილებს. ჭაბუკს ჯერ შორიდან მოესმა ლაშქრის ცხენების ფლოქვების ხმა, შემდეგ კი მათი მოახლოვება ძირეულად იგრძნო - ბრძოლა იწყებოდა... ის კი მზად იყო, ისევ გამგზავრებულიყო, ისევ შეეჭიდებოდა რთულად გადასალახ გზას, რომელიც მხოლოდ ყველაზე ძლიერებისთვის იყო განკუთვნილი. 

✍️

/მარიამ რევიშვილი/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი