მარიამ თუთბერიძე - ბიოგრაფია
ესკიზური მომიხილვა: მარიამ თუთბერიძე დაიბადა 2005 წლის 30 დეკემბერს, ქ. თბილისში. მისი შემოქმედებითი და აკადემიური გზა ადრეული ასაკიდანვე დაიწყო და მოიცავს როგორც ლიტერატურას, ისე მუსიკას, სახვით ხელოვნებას, ლინგვისტიკას. 2019 წელს, 13 წლის ასაკში გამოსცა პოეტური კრებული,,ჩემი სიტყვა რითმაწნული'', რომელსაც საფუძვლად დაედო მისივე ნაწარმოები ,,გაგრძელება ვეფხისა და მოყმისა'': „ვეფხის კარს დიაც ესტუმრა, გამოწყობილი შავადა, თავჩახრილ იდგა დედაი, ცრემლი თვალს მოსდგა ღვარადა...“ 2020 წელს, 14 წლის ასაკში გამოსცა პოემა ,,ფარცხისთავს ლურჯსა ზეცაზედ'', რომელიც ეფუძნება ფარცხისის ომის რეალურ, ტრაგიკულ ისტორიას. ტექსტმა საზოგადოების ყურადღება მიიპყრო რუსთაველური თექვსმეტმარცვლიანი საზომით, ვაჟასეული ფშავური ენობრივი ელემენტებითა და ავტორის პირადი იმპროვიზაციებით: „რაოდენს მალავ მთვარეო, რაზედ არ იტყვი სიტყვასა, ნეტავი ჩამოჰყვებოდე, ჩქამს ანგელოზის ფრთისასა, კაცთა თქმა ზენით აგქონდეს, გვეტყოდე სიტყვას ცისასა, მადლით გვიცქერდნენ მნათობნი, წვიმად ამბობდე რისხვასა..." 2024 წელს, მკითხველებს წარუდგინა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის რომანი ,,ერთი ცოდვის ორი აღსარება'', რომელიც სიუჟეტის საინტერესო წყობის პარალელურად, მრავალ ფილოსოფიურ და ცხოვრებისეულ ასპექტს ეხება: „...აი, ასეთი უკუღმართები ვართ ადამიანები, სიცოცხლეს ვასხამთ ხოტბას და, მისგან თუ რამე ვიწყინეთ, იმ ავადსახსენებელი სიკვდილის კალთას ვეფარებით ნუგეშსაცემად, სიცივეს სითბოს ვამჯობინებთ და მაინც, ჯოჯოხეთის ცეცხლია და სამოთხის გრილი სიო...'' მისი უახლესი გამოცემა ,,ყარაჩთვალწარბა'' (ტირაჟი - 2026) სცდება ტრადიციული პროზისა და პოეზიის ჩარჩოებს. მასში შერწყმულია უძველესი ქართული ლექსიკონი და თანამედროვე ენა, გამოყენებულია წინადადებები, რომლებიც განსხვავებულად იკითხება და ჟღერს, სიტყვები, რომლებიც ჯერ არ დამკვიდრებულა, თუმცა მკაფიოდ გადმოსცემს საკუთარ შინაარსს. ნაწარმოებს ახასიათებს რთული ვერსიფიკაციული სტრუქტურა, მაღალი და დაბალი შაირების დინამიკური ცვლა და წარმოდგენილი 24 და 28 მარცვლიანი პოეტური ხაზები. წიგნი შეეხება უმნიშვნელოვანეს ეპოქას - დემეტრე პირველის პერიოდს, გიორგი უფლისწულის პირად ტრაგედიებს, დავით აღმაშენებლის წარუშლელ კვალს. ტექსტში მხატვრულად არის ასახული ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსისა და ანისის აჯანყების ისტორიულ-გეოგრაფიულ კვეთა, რასაც თან მყარი სასიყვარულო ხაზი გასდევს. პერსონალური გამოცემების გარდა, მარიამ თუთბერიძის ნაწარმოებები შესულია ლიტერატურული პროექტებისა თუ კონკურსების ფარგლებში გამოქვეყნებულ ერთობლივ კრებულებში. მარიამი ადრეული ასაკიდანვე ინტერესდებოდა გარესამყაროზე დაკვირვებით და სხვადასხვა ლინგვისტური ექსპერიმენტით. ლიტერატურულ მოღვაწეობასთან ერთად, დამთავრებული აქვს სამხატვრო და სამუსიკო სასწავლებლები, იცნობს ქორეოგრაფიას, სიმღერის და სამოდელო ხელოვნებას. ამჟამად არის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი. ამასთან, აქტიურად ეუფლება კომპიუტერულ მეცნიერებებსა და უცხო ენებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი