მზე ამოვიდა
ახლა ისე უცნაურად შემზიზღდი, ვერ გამირჩევია რომელი უფრო საშინელია - შენი ხმა თუ ყველაფერი შენი ხმის გარდა. იცოდი? გული ხანდახან ზიზღითაც ჩქარდება თურმე. მე ახლა ამ წერილს ღამე ვწერ (როგორც ყველა სხვა დანარჩენს) და დიდი იმედი მაქვს, მალე მოვრჩები: იქამდე, სანამ ოთახში მზის სხივი შემოვა და გულს გაივლის- ამის შემდეგ ზიზღი აღარ ძალგვიძს ჩვეულებრივ მოკვდავებს. ახლა კედლები კუპრივით შავია, არ აქვს მნიშვნელობა გულის თუ სახლის, რადგან ორივე საიმედოდაა სქელი- პირველში ვეღარ შემოვლენ ადამიანები და მეორეში ვეღარ შემოვა ქალაქის ხმაური, ჰო, ვერც ხალხის ხმა. ორივე მხოლოდ მზის სხივს ატარებს, რადგან დარვინის ევოლუციური თეორიის თანახმად, ადამიანები განვითარდნენ, მაგრამ ვერაფრით მოიშორეს მზის სიყვარული. იმას ვამბობდი, რომ უცნაური ზიზღი მომერია შენს მიმართ. ასეთ დროს წერა იმაზე მეტად მოსაწყენია, ვიდრე ჩემი წერილები შენდამი და იმაზე რთული, ვიდრე შენი გაშვება. რა ადვილია არ პატიება და მითუმეტეს ზიზღი. ასე და ამრიგად, მე დავიღალე რთული ცხოვრებით და გადავწყვიტე შენი ზიზღით გავამარტივო. მე დამღალა სისავსის განცდის მთელმა სიმძაფრემ, და გადავწყვიტე ყველა კუთხე გამოვაცარიელო არ პატიებით. არსებობს ასეთი ამბავიც, წევხარ და ფოთოლცვენებს ითვლი. ითვლი და იცი, სიცარიელე არ მოვა შენთან. მე მახსოვს ეს დრო და მახსოვს სიტკბო ასეთი დღეების, როცა მარტივია პატიება. ასეთ დროს სიცარიელე არ მოდის შენთან. ბავშვობაში, ერთი ლამაზი ხე იდგა ეზოში, ათასნაირად ყვავილობდა და ყოველ გაზაფხულზე, ყველა ბავშვი იმ ხეს შეეხიზნებოდა. მერე გვიანი შემოდგომა მოვიდა და ფოთლები დასცვივდა. ახლა იმ ხეს ვგავარ. ახლა ისე ვწერ, მგონი გული უნდა გამისკდეს. ყოველთვის წინასწარ ვგრძნობ, როცა გული მისკდება. ზედმეტი ფიქრი ღლის და სკდება ხოლმე, და ბროწეულის ფერი დაკრავს ამ დროს ჩემს სხეულს. მერე მზე მაშრობს და ყველაფერი მეორდება. იმას ვიძახდი, რომ შემზიზღ... მე მაპატიე საყვარელო, მზე ამოვიდა. ასეთ დროს ზიზღი აღარ ძალგვიძს რიგით მოკვდავებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი