ძვირფასო ღმერთო
მე მაპატიე. მე, ხომ იცი, ღმერთო, რომ ვნანობ. მე მაპატიე ეს სიტყვებიც, თუ არის ფარსი, რადგან ვერასდროს ვერ გავიგეთ ფასი სიცოცხლის და შენი ფასიც ვერ გავიგეთ. უფალო, ამინ! ჩვენ არ ვიცოდით არაფერი გარდა იმისა, რომ გავიზარდეთ საკმაოდ და დიდები გავხდით, რომ გამოვძვერით, ბუდეები დავტოვეთ_სახლი. და სახლთან ერთად რომ დავტოვეთ მშობლები, მაშინ, რომ არ ვიცოდით რას ნიშნავდა სიტყვები. ღერი, სიგარეტებით ამოვივსეთ პატარა ჯიბე და გული სადღაც უკან დაგვრჩა და ჩვენი სახლიც, ბავშვობის სახლიც მზით გაბერილ კედლებთან დარჩა. და გავიხსენეთ ის ბავშვობა და სითბო სახლის, სადაც შეშის სუნს, მანდარინის სუნი გვიცვლიდა. სადაც ყოველი დილა გავდა ფსალმუნებს, ამინ! და ყოველ „ამინ“-ს ღრმა სიჩუმის სუნთქვა არღვევდა. მერე შევჭამეთ გზა სავალი ერთმანეთამდე, და დავემსგავსეთ, იმ ცივ ზამთარს სადაც პირველად, სადაც პირველად გადავწყვიტეთ გზების გაყოფა, სადაც არ გვწამდა ერთმანეთის სიტყვები შიშით, შიშით შევცურეთ ღრმა ტკივილში და სუსტი მხრები, ვეღარ უძლებდა დანარცხებას ისევ მიწაზე. და ღვთისმშობელმა დაგვისვენა კალთაზე მაშინ, და მერამდენე ჯვარცმა იყო, ვინ მოთვლის, ღმერთო, და შენ კი მშვიდად უყურებდი გოლგოთის სცენას. ერთ განთიადში ჩატეული, ათასთა სიყრმე და სიჩუმეში მოქცეული ყველას ხმა გერქვა. იყავი ღმერთი, ღმერთზე უფრო, იყავი კაცი, ვისმა შვილებმაც მოხუცებულს აქციეს ზურგი, ვისაც არ ქონდა წასავლელი გარდა ქუჩისა და ამაღლებას მისთვის ერქვა ნატეხი პურის. ვინც დადიოდა მრუდე გზებზე, სწორი ნაბიჯით, ვისი სიტყვებიც გავდა ლოცვებს და ხმა ოსანას, ვისაც არ სწამდა არც ერთი გზის, გარდა ამბოხის, მაგრამ ღამეებს, სუნი ჰქონდათ მხოლოდ სიმშვიდის. ასე არასდროს არ მთავრდება მართალთა ჭმუნვა, და უფრო მეტად, არ იწყება ასე აღდგომა. ძვირფასო ღმერთო, შენთვის ბევრი რამის თქმა მსურდა, მაგრამ ბოლო დროს, წერა მგონი აღარც გამომდის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი