თოვლი


მოგონებებს მოაქვთ სევდა შორი,
შენ კი არა- მხოლოდ თოვლი მოდის.
შარშანდელი სუნი დამრჩა ყელში,
დავიწყების შეგერია ფერი.

მე მეგონა მოხვიდოდი მაშინ,
შენ არა და თოვლიც მოდის- მარტში! 
წასული ხარ, არ ბრუნდები უკან,
და წარსულიც არასოდეს ბრუნავს. 

ახლა ზიხარ, სვამ და აღარც გახსოვს-
ჩვენი სახლის სახურავსაც ათოვს.
სვამ და ჩუმად იგერიებ დარდებს,
შარშან ამ დროს აქ ატმის ხე დავრგეთ. 

აქ ატმის ხე ყვავილობდა თეთრად, 
(ის მზეები ჩვენს კედლებში ელავს) 
მერე თქვი რომ წახვიდოდი ერთხელ
შარა გზაზე გაცილებდა ეს ხე. 

ხე რომელიც შარშან ამ დროს დავრგეთ, 
წელსაც ისევ ყვავილობდა გზაზე. 
არ გამოჩნდი და დაიწყო თოვა, 
ატმის ხე კი იძახოდა - "მოვა".

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი