შენ ისევ დუმილს ამჯობინებ
შენ ისევ დუმილს ამჯობინებ. მე ვცდილობ სულში ჩაგეღვარო და არ შეშფოთდე. დღეს მორიგი ახალბედას ლექსი წაიკითხე და მე გაგახსენდი. ღმერთო, დალოცე კარგი პოეტები. ცუდები მითუმეტეს. დღეს მეგობარმა თავისი ტკივილის შესახებ ტირილით მიამბო, რომ კვირაზე მეტია "ის" არ უნახავს. მწარედ ჩავიცინე და ჩემი თავი გამახსენდა, შენი კანით გარემოცული. მიყვებიან რომ ცუდად ხარ. მეუბნები რომ არ ხარ კარგად. მე ოთხ კედელში ვზივარ და ვწერ. შუაღამისას ფურცელს მელნით ვსვრი და არ მადარდებს ცა რა ფერია, მოთოვს თუ არა წარმოიდგინე, ისიც არ მახსოვს რომ მიტოვება მძიმე ტვირთია. მე მხოლოდ ერთი რამ მეფიქრება. ამ ატმის ხეებს რა ეშველებათ, ნაადრევად რომ მოინდომეს აყვავება და ყოველ სიცივეს თავიანთ უბედობას აბრალებენ. შენ ახლა დაღლილს გძინავს და აღარ გახსოვს, სად დაკარგე ჩემი თავშალი. და მძაფრი სუნი ფილტვებს გიხურებს. და გესიზმრები. მე ოთხ კედელში ვზივარ და შენზე წერილს ვწერ, რომელსაც დამთავრებისთანავე დავივიწყებ. მე ცუდი პოეტი გავხდი, შენ - კარგი ალკჰოლიკი. ღრმად არ ისუნთქო - გაიგუდები. ყელში ბურთივით გეჩხირება ჩემი არ ყოფნა. ჩემთან ყოფნისას მხოლოდ იხრჩობი. ნუ გეშინია - აღარ გელი. ნუ გეშინია არც ის მადარდებს, ცა რა ფერია. მე მხოლოდ ერთი საფიქრალი მაქვს, ამ ატმის ხეებს რა ეშველებათ, ნაადრევად სინათლის ნახვა რომ მოუნდათ და ყოველ მზიან დღეს, ახალი იმედით ყვავდებიან, რომ რა იქნება, აღარ აცივდეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი