ცრუ პირობების ანბანი


ავდგები და გიღალატებ.
ასეთ დროს ღალატი აკრძალული ხილი არ არის, ასე რომ შეიძლება გემრიელიც არ იყოს.
მაგრამ მე მაინც ავდგები და გიღალატებ.
ავდგები და გადაგიყვარებ. 
ახლა კი, როცა ჩვენს შორის დიდი და უფსკერო უფსკრულებია ავდრიანი ბინდივით ჩაწოლილი, როცა უკიდობნო წარღვნა გვზვირთავს, ჩვენ ერთი ხელის მოძრაობით, წუხანდელი ნაწნავივით ჩამოვიშლით უმანკოებას.
დავივიწყებთ, რომ ერთმანეთის მანათობელი ვარსკვლავები ვართ და გავიხსნებთ ძველ გზისაცდომებს. 
დავივიწყებთ ხელებს და იმ ყელს, ხელები რომ ძლიერად ეჭიდებოდა.
გადადგმული ნაბიჯები კი იქნება მხოლოდ უკუსვლის. 
ავდგები და გიღალატებ. 
ავდგები და დაგივიწყებ. 
შემიძლია პირობაც დავდო, ჩემს სახლში ჩემი ნაწერის პირისპირ.
პირობას ვდებ, რომ 
დავივიწყებ შენს მანერებს, 
როგორ გეხუჭება თვალები როცა რაღაცის თქმა გიჭირს, 
როგორ მხვევ ძლიერად მკლავებს, როგორ მკოცნი მუხლებზე. 
დავივიწყებ შენს თამბაქოს სუნს და გპირდები რომ მართლა დაგივიწყებ. გპირდები რომ მართლა გადაგიყვარებ. 
გავხსნი ძველ წერილებს, მათსავით ძველ ადამიანებთან და ალბათ ახალი წერილის წერასაც დავიწყებ, რომ საბოლოოდ გიღალატო. 
იქნებ შენთან დადებული პირობებიც დავარღვიო, რომ ვიზრუნებ ჩემს თავზე, რომ ბოლომდე დავრჩები ასეთი სუფთა და დარღვეული პირობების შესაბამისად ჩემი დაღლილი სხეული ხიდზე გავამზეურო. 
მერე კი, უკვე ერთი ნაბიჯია სიცოცხლეს და შენს ღალატს შორის. 
აღარ ვიფიქრებ როგორ გეცინება,
და საერთოდაც აღარ ვიფიქრებ, 
არც ის დამაინტერესებს, როდის უფრო ცუდად იგრძნობ თავს, ჩემი წასვლისას თუ დარჩენისას. 
მივენდობი გუმანის გრძნობას და ერთი-ორი კეთილისმსურველის რჩევას და დაგივიწყებ, მაგრამ სანამ დაგივიწყებდე,
იქამდე თავს მოგანატრებ. 
(აქ კი დავრწმუნდი, რომ ასეთი სისასტიკით, ალეგიერის წარწერას ჯოჯოხეთის კარზე ოდესმე აუცილებლად  გადავაწყდები). 
შენ დადგები ჩემი სახლის წინ, 
ღამით, ყინვაში და მიაშტერდები სახლიდან გამომავალ შუქს, მაგრამ ვეღარ გათბები  რადგან ამ ქუჩაზე აღარავინ დაგელოდება. 
გპირდები, რომ არასოდეს მოვუსმენ იმ მუსიკას რომელიც მოგწონს, აღარასოდეს მივეკარები იმ ადგილს, სადაც გხვდებოდი, 
აღარასოდეს დავწერ შენზე, აღარასოდეს გავიღვიძებ დილით, 
რომ შენი წერილი წავიკითხო და არც საღამოს დაგელოდები. 
საერთოდაც არ დაგელოდები. 
გადავეჩვევი შენს დაღლილ თვალებს და აღარასოდეს ჩავიხედავ მასში. 
აღარასოდეს შევხედავ ჩვენს ერთადერთ, ცუდი ხარისხის, კარგ მოგონებებიან სურათს და დავივიწყებ მოგონებებსაც, რადგან უფრო ძლიერად გადაგიყვარო. 
არ მოგეყრდნობი და აღარც შენზე დაყრდნობის იმედი მექნება, რომელიც საბოლოოდ მაინც გაცრუებისთვისაა განწირული.
აღარასოდეს შეგიყვარებ. 
არ გამახსენდები. 
არც მონატრება დამანგრევს და არც შენი ყოველი შეხება. 
ავდგები და გადაგიყვარებ. 
ავდგები და დაგივიწყებ.
დავდე ყველაზე მატყუარა, ყველაზე ცრუ და უპრინციპო პირობები ჩემს სახლში, ჩემი ნაწერის პირისპირ ბდა შენზე ნერვიულობა განვაგრძე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი