წერილი მათ


როცა ფანჯრიდან მეტისმეტად სრაფი სიჩქარით გაფრენილს
და 
ძირს დანარცხებულს მიხილავთ, რომელიმე თქვენთაგანი ზედმეტი მოწიწებით ამ წერილის კითხვას დაიწყებს.
გამოვა რომელიმე თქვენთაგანი
და იტყვის, 
რომ მე თვიდანვე არ შემეძლო ემოციების გაწვრთნა
და
არ შემეძლო
მათი გადამალვა სადმე მტვრიან კარადას და იატაკს შორის. 
ამ გოგონას,
ზედმეტად ჩაშავბულთვალებიანს
და
ზედმეტად გულჩათხრობილს, 
ზედმეტად ხმამაღალი სიცილითა და ზედმეტი პათეტიკური ხასიათით
და ხან ზემდეტად შავკაბიანს
და ზედმეტად თეთრს, 
შეეძლო ეარა ხიდის მოაჯირებზე, ან ვთქვათ რომელიმე მაღალი მთის წვერზე და არ შეშინებოდა მიწის ჩაშლის,
ანდა ხიდიდან წყალში გადაშვების
ანდა ფრთების გამოსხმის,
გამრუდებული ხერხემალიდან.
მერე გამოვა რომელიმე უცნობი და იტყვის, 
როგორ გამიცნო ერთ მზიან ღამეს, 
ლურჯ ყანაში
ან
როგორ დამინახა ქუჩის გადაკვეთისას ყურსასმენებში
და სქელ ჯემრპრსა და სქელძირიან ბათინკებში შენიღბული,
წითელი ან თუნდაც შავი, გაშლილი თმით.
და 
თქვენ ამ დროს
ცრემლი მოგადგებათ
და გაიხსენებთ ჩემს ყველა ნაბიჯს, ყველა ამბოხს,
ან თუნდაც ზედმეტად ქედმაღლურ გავარდნას
და ლექსით სავსე ფურცლების დაყრას სარეპეტივიო დარბაზებში,
და გაიხსენებთ იმ შავბნელ დღეს,
როცა გადაწყვიტეთ სამუდამოდ გადაგემალეთ თვენს გონებაში,
რომ აღარავის მონდომებოდა ჩემი დანახვა.
გაგახსენდებათ ყველა ღრუბელი, რომელიც რომელიმე ნოემბრის, რომელიმე ცივ დღეს
მოვიშინაურე და გაგახსენდებათ გზა, რომელსაც არცთუ ისე სწორი ნაბიჯებით
და 
არცთუ ისე სუფთა კედებით ვთელავდი.
და
რომელიმე თქვენგანს გაახსენდება ყველა ჩემი ჭრელი კაბა და თავდახრილი მოითხოვს მათ წაღებას
და იმ კედელზე გაკვრას,
რომელსაც ერთ დღეს დაუმთავრებელი ლექსი წავაწერე.
და გამოვა
რომელიმე საღამოს,
რომელიმე ტალღიანი
და ვრცელი 
და ჭუჭყიანი ზღვა 
რომელიც ყველაფერს იტყვის
და
ამაყად იტყვის იმასაც, 
რომ
სანამ ფანჯრები მასწავლიდნენ ფრენას, მანამ ამ ზღვებმა მასწავლეს,
როგორი უნდა იყოს გოგო, 
თუ უნდა,
რომ თოლიები აღარ უფრთხოდნენ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი