ერთ დღესაც ლოგინზე გულაღმა დაწვები


მერე 
ლოგინზე გულაღმა დაწვები
და
გარედან შემოღწეული მაისი
კიდევ ერთი ზაფხულის მოახლოებას შეგახსენებს. 

ჭერს მიაშტერდები
და 
მთელი სიცხადით გაგახსენდება
ქალაქის ხვატში აღმოჩენილი
შენი ერთადერთი გზა. 

იწვიმებს 
და წვიმით ზედოზირებული, 
ცას შემოიცვამ
და ცის იქითა სივრცე დაგფარავს. 
ჰაერის მძიმე ნაფაზს დაარტყამ
და სანამ დაიხრჩობოდე, უკანასკნელად დაყრი რაფაზე პურის ნაფშვენებს. 

ხორცს ფანჯრიდან ისვრი, 
სული კიბის საფეხურებზე დაეშვება. 
სადარბაზოდან გასული, 
ასფალტზე დამდნარ მზეში ჩაიძირება 
და პირველად იგრძნობს
რას ნიშნავს
ფერიცვალება. 

შენ, 
შორიახლო მდგარს 
იასამნის სუნი გეცემა
და
ვენებიდან წლების ნაგროვები სათქმელი გამოჟონავს. 

ქვაფენილს აივლი
და ფეხებქვეშ უამრავ გზას გაცვითავ. 
ყოველ ნაბიჯზე საკუთარი წარსული მოგესალმება
და გისაყვედურებს
რადგან არ შეიძლება მომავალი ასეთი საშიში იყოს, 
აწმყო კი ასეთი მკვდარი.
გაიკვირვებ
და გზას განაგრძობ.

პროტესტის ნიშნად
არც ერთ შუქნიშანზე არ გაჩერდები. 
სისწრაფისგან მათაც გასცდები, 
ვინც საუკუნეებია გელის. 
დამტვერილები ვერ ვიცანიო, 
თავს გაიმართლებ
და 
ისევ გაურკვეველი მიმართულებით გაიქცევი.

მერე გადაწყვეტ
რომ ამ გზებზე
ყველაფერი ზედმეტად მარტივია
და რომ მხოლოდ წლების წინანდელი
იმ დაკარგული გზის ნახვა გინდა
ზაფხულის ხვატში 
რომ გადააწყდი
და მალევე
შენი ნებით მოიკვეთე,
როგორც ყველაზე მავნე სიმსივნე. 

ჰოდა, იმას ვამბობდი, 
რომ ერთ დღესაც 
ლოგინზე გულაღმა დაწვები
და
გარედან შემოღწეული მაისი
კიდევ ერთი ზაფხულის მოახლოებას შეგახსენებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი