არადა გარეთ მაისია
ან მე როდემდე უნდა ვწერო დაკარგულ ღმერთზე. გარეთ მაისია და სახლში ფანჯრებს ისევ ჭირხლი აქვთ. მეზობელ სახლში, ერთადერთი ხის ჯვარი შეუკეთეს შეშის მაგივრად, რადგან ვერაფრით გასცეს პასუხი შვილების შეციებულ სუნთქვას. არადა გარეთ მაისია. მეზობელს, დედა სიმსივნით უკვდება და ერთადერთი რაც შეუძლია იმედის ქონაა. ქუჩებმა ხალხი აიხვეტეს. ბრმადდმადიდებლები თავისას გაჰყვირიან. დღეს თავისუფლების მოედანზე ისევ ჩამოატარეს წლების წინანდელი ტყვეები და ტყვიების ხმამ გადაფარა მათი მკაფიო ყვირილი_„თავისუფლება!“ მათ კი, ვინც უკვე ყველაფერი ნახეს ვინც ყველგან იყვნენ და ვისაც არაფერი დარჩათ დასაკარგი მხოლოდ იმაზე დარდობენ რომ წელს ხეებზე მეტად თოვლი აყვავდა. გარეთ უსახლკარო ბიჭი იყინება და ყოველ ჯერზე, როცა კოსტავას ქუჩაზე ჩავლილი პატრული აღვიძებს ძილიდან ვერგამორკვეულს ცრემლი ერევა და ყოველ ჯერზე იმედი აქვს, ვინმე მაინც გააცოცხლებს მის მკვდარ სიცოცხლეს. მისთვის ამაღლება სქელი კარდონია და აღდგომა- თბილი ჟაკეტი. არადა გარეთ მაისია. პანთეონთან ხანდახან ისევ წვიმს ხოლმე მაგრამ ამჯერად წვიმის შიშით აღარ თეთრდებიან აყვავებული ატმის ხეები. აქ აღარც ბაბუაწვერებია და აღარც ქარს გასატანი სურვილები და სულსაც მხოლოდ დამტვერილ კედლებს უბერავენ. იმ ბნელ სადარბაზომ ახალგამოჟონილი სისხლი შეიკედლა. სახლში ქარია და იმ ალბომის კედელსაც ანგრევს. მაგრამ კედლები აზრს კარგავენ, როცა მეზობელ სახლში ბავშები იყინებიან. არადა გარეთ მაისია. არადა ქუჩებმა ხალხი აიხვეტეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი