ძვირფასო შენ


"ძვირფასო შენ! წერილის წერას ხომ ზოგადად ასე იწყებენ.
გწერ ძვირფასი მე, რომელსაც ვერ მოუფრთხილდი.
გწერ მერაღაცე ამბავს, ჩემი სისხლსავსე და ხან ზედმეტად მკვდარი ცხოვრებიდან
და მინდა იცოდე, რომ ეს არ არის ბოლო წერილი რასაც მოგწერ.
და თუ შენ ვერა, შენზე წერას ხომ მივეჩვიე,
რომლიდან თავის დაღწევაც არასოდესაა ადვილი,
მითუმეტეს თუ ყველა სეზონი გამოცადე და ისევ ზაფხულის ცხელ საღამომდე მოხვედი.

ძვირფასო შენ. რაც წახვედი, მას მერე ვცდილობ საკუთარი თავი გავზარდო.
ისევე როგორც მოგეწონებოდა.
ისე როგორც ისურვებდი.
და ახლა, როცა ივნისია,
როცა ვენებს გრილი სიო მიგრილებს,
უშენო ამბები ამ პატარა, ნათელ ოთახში იწერება.

ლურჯი ცა და ლუდის ლურჯი ქილა ერთმანეთს ეჯიბრებიან სილურჯეში.
აი უშენო საღამოები კი ყველა ერთნაირია.
და მე და ეს ოთახი, სადაც ადრე ამ ამბის წერა დავიწყე,
ვიხსენებთ და ერთმანეთს ვუყვებით,
რომ არაფერი გამოგვრჩეს იმ საღამოდან, როცა ძვირფასი შენ გამოჩნდი.

არ მოგატყუებ, იმ საღამოს ცა ძალით დავივიწყე
და ყოველი მარტოყოფნა დიდი სიბეჯითით გავიზეპირე.
დავიმახსოვრე ჩემი თითებიც,
რომელთაც თავის მხრივ არ შეეძლოთ, დაევიწყებინათ შენი სახე.

ძვირფასო შენ! რომელმაც ალბათ ყველა ქარი შეისისხლხორცე, 
მაგრამ ჯერ კიდევ გაქვს იმედი, რომ ხანდახან ერთ მერცხალს მოყავს გაზაფხული,
რომ ხანდახან, ერთი კარგად ყოფნა,
ყველა მძიმე დღეს გადაწონის. 
შენ რომელიც წლების წინ დაკარგული მოიპოვე
და მისაკუთრება ვერ გამიბედე,
მინდა იცოდე რომ მახსოვხარ
და ყოველ ღამით,
დიდი გულმოდგინებით ვიმეორებ ამბავს, რომელიც ასე დასრულდა :
ძვირფასო შენ! ალბათ ერთ დღეს, ყველაფერი დალაგდება.
ანუ როგორც საკუთარ თავს დავპირდით.
ძვირფასო შენ. დანარჩენი წყალმაც წაიღოს."

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი