რა ხდება იქით?
ჩვენ უნდა ერთად დაგვეთვალა ფოთოლცვენები. ჩვენ ერთად უნდა გავქცეოდით მდარე რომანებს. ანუ ამ ორ ცას უნდა ჰქონდეს ერთი სათავე, ანუ დავიწყოთ, დრო არ იცდის, როგორ ვერ ხვდები? ახლა ყველა გზა სულ ერთია, როცა გზსიპირებს არ აქვთ შენი ხმა, შენს ხმას არ აქვს ნაცნობი სუსხი. არ აქვთ ნაცნობი ხასიათი. თვალები. მხრები. "იწვიმებს" ამბობ და აყოლებ- "არ გამიცვიდე". რა სხვა ფერი ხარ, სიცილებიც როგორ ყალბია, რატომ აღარ დგას შენს თვალებში ნაცნობი შუქი? რა გზით იარე ან მე როგორ გაგიუცხოვდი, ან უხერხული ეს სიჩუმე რით ვერ დაირღვა? რა ხდება იქით, იმ ქუჩაზე რა ხდება ახლა? ბოლოს რომ ჩვენვე ორ ნაწილად გავყავით იმ დროს, როცა ნოემბრის ფოთოლცვენამ დაღალა ფიქრი, და კედლებს მიღმა სუნი დადგა, სინესტის, წვიმის. რა იყო მაინც? რა უბრალო დასაწყისები? და კიდევ მეტად, დასასრული საინტერესო. ან რეზიუმე როგორი აქვს ახლა ჩვენს ამბავს, რა ხდება იქით, იმ ქუჩაზე რა ხდება ახლა?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი