ადამიანები


ადამიანები რომ მამაცები იყვნენ.
მეტის მოთმენა რომ შეეძლოთ.
სამყაროგაქცეულებს
თბილი შარფებიდან ცხვირის ამოყოფა და ხანდახან მთელი სისავსით, ცივი ჟრუანტელის განცდა რომ შეეძლოთ. 
საკუთარი სურვილების გვერდით გადადება და მოსმენა რომ შეეძლოთ. 
საკუთარ სილაჩრესთან არ შეგუება რომ შეეძლოთ..

არადა თითქოს ყველას ერთნაირად ასწავლიან.
არადა თითქოს ბავშვობაში ყველა ომის გმირობაზე ოცნებობს.
როგორ არც ერთმა არ იცის, ეს ომი სინამდვილეში ცხოვრებაა.
როგორ ვერც ერთმა ამოიცნო რისთვის არიან. 

ადამიანებს ავიწყდებათ.
ადამიანები ივიწყებენ.
ადამიანებსაც ივიწყებენ.
ეს უღლებაა, რომელსაც არც ერთი სახელმძღვანელო ასწავლის.
ეს უღლებაა- მოღალატეების უღლება.

არა, გმირობას ყველას ვერ მოსთხოვ.
ვერც მიტევებას.
არა, თავგანწირვა და მსგავსი პათოსი მეტისმეტია.
არადა თითქოს ყველას ერთნაირად ასწავლიდნენ.
არადა თითქოს ყველა ერთნაირია. 
არადა თითქოს ყოველი მეორე დგას ზამთრის ცივ საღამოს, ფანჯარასთან და ელოდება. 
სულ რაღაცას ელოდება. 

მაგრამ არიან ადამიანები, 
საკუთართავგადადებულები, 
ერთგულები და სიყვარულით სავსეები, 
ერთგულები და პატიებით სავსეები, 
და მაინც მეორეები, მაინც მეათეები და პირველები არასოდეს. 
ღრმა დუმილით და ყრუ ტკივილით სავსეები,
რომლებიც დგანან ცარიელ ოთახებში
და
ზუსტად იციან, 
ლოდინებს მაინც რომ შეუძლიათ, 
მათი სავსე და გრძელი დუმილის მოსმენა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი