მომიყევი
დამადე თავი, მომიყევი შენი ამბავი ის რაც, ამდენ ხანს სიღრმეებში მიმალული გაქვს. დამანახე შენი სარკმელი- ერთადერთი წყარო სინათლის. დარაზე კარი, ჭრიალის ხმამ რომ არ გაგვყიდოს. დამადე თავი და წამიკითხე, აღმოსავლური პოეზიის მკრთალი ნაშობი, მაშინ როცა ბროწეულისფრად ყვავილობენ სტრიქონები და მომეც სივრცე - ალვასავით რომ გავიზარდო. გახსენი ბაგე და მითხარი, რომელი უფრო ჭრელი არის, ხალხი თუ ეს ცა, როცა არ იცის, რომელ ამინდზე შეაჩეროს თავისი ხსოვნა. დამადე თავი, მომიყევი ყველა ამბავი, წარსულიდან თუ მომავლიდან. ოღონდ არასოდეს წამოგცდეს აწმყო- რასაც ვხედავ და მესმის, არ ივარგებს საამზღაპრისოდ. დამადე თავი, ცას ახედე და მიანდერძე, ის რაც არ არის ახლა ცაში და არც იქნება. ახედე ამ ცას- მთვარის შუქი გიჩვენებს სხვა გზებს. დაიმახსოვრე- ურემი არ ბრუნდება, იგავების არ დაიჯერო. ახედე ცას, ახლა როცა ყველაფერი თვალსაჩინოა. გადამიფურცლე თეთრ მუხლებთან ყველა აბზაცი, ყველა ნიშანი, ყველა ლექსი, ყველა სიმართლე. დაწვი ყველა დღე, სადაც არ ვჩანვართ, ბნელით მოცული- კაცნიც გვეყოფა. დამადე თავი, მომიყევი ყველა ზღაპარი, ათას ერთ ღამეს შეუხამე ლეილ-მაჯნუნი. დამადე თავი, როცა ღამე ცის ნიშნებს რკალავს. ნუ შეშინდები- მე ტანთ სულ სხვა სიზმრები მმოსავს. გახსენი ბაგე, მიანდერძე ყველა ამბავი, როგორ უძღვნიდნენ ყაბაჩას და რიდეს ქალწულებს. როგორ ზვირთებში იმსხვრეოდნენ ზღვები ცისკრამდე, რა ფერი ქონდა ცისკრის ვარსკვლავს არაბულ ცაზე. გადაწვი ტყენი, არ მინდა რომ სიბნელით შევცდეთ. ქალწულებს ახლა ძველი შიში აღარ აწუხებთ. ღვთის გულისათვის, მიანდერძე სიბრძნე შენი და გახსენი ბაგე, მომიყევი ყველა ამბავი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი