ახლა


ახლა ქალაქი ისეთი მშვიდია, 
ვერაფრით გაარჩევ სად ცაა და სადაა მიწა-
ნაბინ-ნაბიჯ რომ იკარგება. 

ახლა ყველანი ერთი პეიზაჟის ქვეშ განსაცვიფრებლად მშვიდად არიან.
მენდე,
მათ არასოდეს უგრძვნიათ ადრეული აისის სუსხი.
საკუთარ პასუხისმგებლობებს გამოქცეულები;
სიკეთის მაკეთებლები;
სიყვარულით გულგახეთქილები და ღმერთო,
წარმოიდგინე მხეცებიც კი,
ერთი ცის ქვეშ არიან მშვიდად.
მათ ეს არ იციან.

ახლა კართან შუა ღამე დგას.
ღმერთმანი, ასეთ დროც ჰაერის სურნელიც ისეთივე მსუბუქი და მშობლიურია
როგორიც წლების წინანდელი საკუთარი თავი.

დედაჩემმა იცის, 
რომ მიყვარს ღამე.
დედაჩემმა იცის, 
რომ მიყვარს მარტოობა. 
და ამის გამო, 
ყოველ ჯერზე ერთნაირად შფოთავს, 
მაგრამ არ შეუძლია ხელი შემიშალოს, 
როცა
საკუთარი თავის გარშემო ამოშენებულ კედლებს ვეფარები
და ვივიწყებ ყველაფერს- მათ შორის იმას, 
რომ ახლა მეჩქარება, 
რომ ეს დრო დაკარგვად არ ღირს, 
რომ საჭირო მომენტი უნდა დავიჭირო, რომ ადამიანები სულ სადღაც ჩქარობენ, ოღონდ საკუთარ თავს აუარონ გვერდი და მისივე ანარეკლი არ გამოიჭირონ ერთ დიდ ტყუილში,
რომ თურმე მთელი სიცოცხლე
გაშმაგებით მიისწრაფვოდნენ არაფრისკენ
და მხოლოდ ბოლოში ჩასულებმა აღმოაჩინეს, 
რომ ცხოვრება სადღაც გამორჩათ. 

იმას ვამბობდი, 
რომ ახლა ღამეა
და არაფერი ადარდებთ ამ ღამეს შეფარებულებს. 
მათ, ვინც წვიმას არ ერიდება. 
მათ, ვისთვისაც ღამე ყოველთვის ხელშესახები სასწაულია.
მათ, ვისაც შეუძლია საგნებს იქით იყურებოდეს
და ვენებში რაღაც უფრო მძაფრს გრძნობდეს, 
ვიდრე ჭრელი ილუზია, 
ან ვიდრე სისხლი, 
ან... 

მე რჩეულიშვილის ქალაქში ვცხოვრობ და ხანდახან მგონია, 
რომ გვერდით მაღალყელიანი ფეხსაცმლით 
და დიდი გულით მომყვება. 
და რომ მზადაა ათასჯერვე ახლიდან გაიწიროს სხვისთვის. 

რამდენი ვისაუბრე და მაინც ვერ ვთქვი, 
რომ როცა ღამე ასეთი მშვიდია 
და სველ თმაში ნათითურებს მიტოვებს, 
მე ამ ქალაქის გამჭვირვალე ჰაერს ვერევი
და დილით ადრე ამოვდივარ მათთვის, 
ვინც ცხოვრება წლების უკან ჩამოიტოვა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი