ჭიათურა
ახლა იმ შორეულს ნისლის ბადე ჰხურავს, ბინდში ჩაძირულან შავი მთაგორები... სადღაც კონტურები ძველი ჭიათურის სადღაც, ბავშვობაში ბორგავს მოგონება: ქალაქის სიცოცხლე ბჟუტავს ნათურებით, ბექობს შეფენილი ფიცრული სახლებით, სადღაც მიჭრიალებს პატარა ურემი, მარაოდ მიჰყვება მტვრის კორიანტელი... მთები დაწერილი დამრეც ბილიკებით, სადღაც გვირილებიც ძაძით შემოსილან... ღამეა, ბარბაცით აღმართს მიიკვლევენ მაღაროელები- შავი ნიღბოსნები. ზემოთ ,,საშევარდნო" კიაფობს ნუგეშად, მისაკენ აფრენილა ოცნება - რამდენი! წევს შავი ქალაქი მთების მარწუხებში და დასიზმრებია ფრთები შევარდენის...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი