წვიმა დედის ცრემლებს ჰგავდა
წვიმა დედის ცრემლებს ჰგავდა ნოემბრის წვიმიანი, ცივი დღე იყო. ნაძვებს მგლოვიარედ დაეხარათ თავები და წვიმის წვეთები ისე ჩამოსდიოდათ, როგორც დასერილი სხეულიდან სისხლი. თითქოს ზეცაც დასტიროდა ნაადრევად გარდაცვლილ ჩვილს, რომელიც ახლახანს მიაბარეს მიწას. ლოლა 22 წლის ასაკში გახდა დედა. ბიჭი სასწაული სილამაზის იყო, მეტყველი თვალები და ლამაზი ტუჩები ჰქონდა. ბავშვი თებერვალში დაიბადა და ნოემბერში ავბედითმა ვირუსმა იმსხვერპლა. დედას ეგონა, სამყარო ჩამოინგრა და თავზე დაემხო, სიცოცხლე ვეღარ წარმოედგინა ლუკას გარეშე... გარდაცვლილი შვილის სულის სიმშვიდის გამო ლოლამ და მისმა მეუღლემ განაგრძეს ცხოვრება და, უფლის ნებით, სამი შვილი შეგეძინათ, თუმცა, დედა თვლიდა, რომ ლუკასნაირი არც ერთი არ იყო. კვლავ ცრემლიანი თვალებით იხსენებდა მას. ბავშვის გარდაცვალებიდან 16 წელი იყო გასული, რომ უცნაური შემთხვევა მოხდა. ლოლა იშვიათად მგზავრობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მაგრამ რამდენჯერმე მოუწია მეტროთი მგზავრობა. საბურთალოს ხაზზე ყოველ ჯერზე ხვდებოდა ლუკას ასაკის (დაახლოებით 16 წლის) ბიჭი. პირველად მეტროს ვაგონში შეამჩნია, კუთხეში მოკრძალებით იდგა, მას უყურებდა და შორიდან უცინოდა. ლოლა ვერ მიხვდა ვერაფერს და თავადაც გაუცინა, შემდეგ კი გავიდა ვაგონიდან. ბიჭი ფანჯარასთან მივიდა და ხელი დაუქნია... ლოლას ეუცნაურა ბიჭის ქცევა. მეორედ უკვე მიწისქვეშა ჩასასვლელისკენ შეხვდა, დაინახა და გამოიქცა მისკენ ძახილით: --დედა, ჩემო დედიკო, ვერ მიცანი, დე? --მე ხომ შენი დედიკო არ ვარ და როგორ გიცნობდი?-გაკვირვებულმა ქალმა ღიმილით უპასუხა ისე, რომ სიარული არ შეუწყვეტია. --დე, დე, ჩემი დედიკო ხარ შენ... დედიკო, იცი, როგორ მენატრები? დედა, ხომ მოხვალ, დე? ...-ისევ ძახილით მისდევდა ბიჭი. --მეჩქარება ახლა და კი, მოვალ, აბა, რას ვიზამ? კიდევ გნახავ, როცა აქეთ საქმე მექნება... ბიჭი იმედგაცრუებული უყურებდა. გაჩერდა მეტროს ვაგონი, ქალი შევიდა. --დედა, მე ლუკა ვარ, დე!..-შორიდან მოაძახა ბიჭმა. ლოლა თითქოს უცებ მოკვდა, სახე გაუფითრდა, დაკეტილ კარს გიჟივიცე ეცა, გახსნას ამაოდ ცდილობდა, მოუსვენრად, აღელვებით დაელოდა შემდეგ გაჩერებას და ჩამოვიდა, საპირისპირო მხარეზე გადავიდა და უკან გამოჰყვა ვაგონს იმ გაჩერებაზე, სადაც ბიჭს დაშორდა; ეძება, მოიარა მთელი სივრცე, მაგრამ ვეღარ ნახა. იმავე ადგილზე დაახლოებით ორი საათი დარჩა. ფიქრებში ჩაძირულმა ბევრი მატარებელი გააცილა. ყურებში ჩაესმოდა : ,,დე, იცი, როგორ მენატრები? ხომ მოხვალ ჩემთან?“ სახლში დაბრუნებულმა ლოლამ გადაწყვიტა შვილის საფლავზე ასვლა, სადაც მხოლოდ აღდგომას ადიოდა ხოლმე, რადგან ძალიან უმძიმდა... იფიქრა, ალბათ ჩემმა ლუკამ საფლავზე ასვლა მთხოვა იმ ბიჭის სახითო. მისი აზრით, სამყარომ გამოუგზავნა შეტყობინება და გამოაფხიზლა. მას მერე ეძებს ქალი იმ უცნაურ ბიჭს მეტროში, მაგრამ ვეღარ პოულობს. შვილის საფლავზე კი გაბედა ასვლა და მოუყვა ეს ამბავი ... წვიმიანი დღე იყო, როგორც 16 წლის წინ ბავშვის დაკრძალვაზე. ნაძვის ტოტებიდან ფრთხილად წვეთავდა წვიმის წვეთები და დედის ცრემლებს ჰგავდა, იმ მოუშუშებელ ტკივილს, 16 წლის წინ რომ აიშენა ბუდე დედის გულში. მარინა ტარუღიშვილი 2024 წლის 1 ენკენისთვე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი