შუქი მასწავლებლის სახეზე


ქუჩაში მოხუცი კაცი მოწყალებას ითხოვდა. გამვლელების დანახვაზე სახე საცოდავად ეღრიჯებოდა,  უკვე აღარაფერს ამბობდა, მაინც ვერ იღებდა დახმარებას. დაიღალა, წამიერად ჩასთვლიმა და გაწვდილ ხელზე შეხება რომ იგრძნო, გამოეღვიძა, თავი ასწია და პატარა ბიჭი დაინახა, მოწყალება გაიღეს...სიფრიფანა ბიჭი იყო, სევდიანი სახით. მოხუცმა თვალები მოწკურა და ფულს დახედა, 10 თეთრიანი იყო, მადლიერების ნიშნად გაუღიმა.  
--სეო!--დაუძახა წითელმაისურიანმა ბიჭმა-წამო, ფრენბურთი არ გინდა?-ირონიულად ჰკითხა. სევერიანმა უარის ნიშნად თავი გააქნია. სწყინდა, სეოს რომ ეძახდნენ.  
სევერიანი დედამ დაარქვა, გარდაცვლილი ბიძის საპატივსაცემოდ. ძალიან ბევრი უსიამოვნება მოუტანა ამ სახელმა, კლასში  დასცინოდნენ. ახლა დედაც აღარ არის ამქვეყნად.  წინათ მალე უშუშებდა გულისტკენას დედის ალერსიანი,  თბილი ღიმილი. ახლა სახლში მისვლაც აღარ უნდა. დედინაცვალი ცივად ექცევა, თუმცა, ამ დამოკიდებულებას თითქოს ნიღბავს და ამბობს, რომ  ყველაფერს აკეთებს სევერიანისათვის,  მაგრამ ბიჭი ამაგს არ უფასებს, რადგან არ სწავლობს, ზარმაცია.  მამაც გულცივი გახდა მის მიმართ.  
ხანდახან ბიჭის ბუნებაში გაიღვიძებდა ხოლმე მეორე სევერიანი, რომელიც შესძახებდა, რომ ყველაფერი კარგად არის, დედინაცვალი ცოტა უხეშად ექცევა, მაგრამ მერე რა, ისეთი არაფერია...არც მამაა გულცივი...დრო არ აქვს, მუშაობს, მეგობრებიც კარგები არიან, რას ჩამოუშვია ცხვირი? უბრალოდ, ეჭვიანი ხასიათი აქვს. ეს ცოტა ამშვიდებდა მას, მაგრამ ისევ აბობოქრდებოდა ხოლმე მასში ის სევერიანი, რომელიც ეუბნებოდა, რომ ძალიან დაჩაგრულია ყველასაგან და აუტანელია მისი ყოფა. ტიროდა ჩუმად, მხოლოდ ღამით, ვინმეს რომ არ დაენახა. მეორე დღეს ცდილობდა, უდარდელი სახე მიეღო, მაგრამ არ გამოსდიოდა.  თვალებზე ყოველთვის ეტყობოდა დიდი სევდის კვალი, რომელიც დედის გარდაცვალების დღიდან გაჩნდა.  

   

ქართულის გაკვეთილი იწყებოდა. მასწავლებელი პენსიაზე გავიდა და მის ნაცვლად ახალი შემოვიდა. სევერიანს თვალში მოხვდა მისი ლურჯი, შრიალა კაბა და თეთრი ჩანთა. სასიამოვნო ქალი იყო. მალე სიის  ამოკითხვის დროც დადგა... 
--სევერიანი?!.. რომელია სევერიანი?..  ბიჭს ტყვიასავით მოხვდა ეს სიტყვები. კლასი ახარხარდა. 
-სეო ჰქვია, სეო-წამოიყვირა როხროხით რამდენიმე ბიჭმა და თავშიც წამოარტყეს დამცირებულ ბიჭს. მასწავლებელი კლასს ვეღარ აჩუმებდა, სიის ამოკითხვა შეუძლებელი იყო და იძულებელი გახდა, თემა შეეცვალა. სევერიანი მთელი გაკვეთილის განმავლობაში თავდახრილი იჯდა, გაკვეთილის შემდეგ მასწავლებელი მივიდა მასთან, მხარზე შეეხო და ჰკითხა: 
--ვინ დაგარქვა ეგ სახელი?  ბიჭმა პასუხი ვერ შეძლო, მხოლოდ გაფითრდა. 
--გირჩევ, შეიცვალო, თორემ გაწამდები--მასწავლებელმა კაბის შრიალით დატოვა სევერიანი. ბიჭს გული უდუღდა, მთელი სამყარო სძულდა.  სახლისაკენ ფეხათრევით წავიდა... 
--სეო, მოდი აქ!--ჩაფიქრებულს დაუძახა ერთმა ბიჭმა, რომელიც რამდენიმე ამხანაგთან ერთად ქუჩაში გრძელ სკამზე იჯდა. თავხედური იერით, დამცინავად უყურებდა, იღეჭებოდა, დანარჩენები სიგარეტს ეწეოდნენ. 
--სიგარეტის ფული გვინდა--უთხრა სევერიანს. 
--არ მაქვს. 
--აბა წეღან მათხოვარს რომ მიეცი? მე დაგინახე--ჩაერია გრძელცხვირა, ჭორფლიანი ბიჭი. 
--მხოლოდ 10 თეთრი მქონდა. 
--მერე უთხარი მამაშენს, გამოართვი და ხვალ მოგვიტანე--უთხრა იმან, ვინც პირველად დაუძახა. 
--რატომ უნდა მოგიტანოთ? 
--რაო?--წამოენთო ერთი, სწვდა პერანგის კიდეზე და დაუწყო ჯანჯღარი. 
--მოიტან! გესმის? მოიტან! 
--არა! --ჯიუტად ამბობდა სევერიანი. 
გამწარდნენ ბიჭები და მალე სევერიანი მათ წიხლებს ქვეშ აღმოჩნდა. მას სიზმარში ეგონა თავი, საშინელ ურჩხულებში. მერე უეცრად გაიფანტნენ ურჩხულები, თითქოს რაღაც ძალამ გამოაფხიზლა და წამოაყენა. ვიღაც პერანგს უსწორებდა და რაღაცას ეუბნებოდა. ეს ქალი ეცნო, სკოლასთან ცხოვრობს, ყვავილებს რწყავს ხოლმე ეზოში. სკოლაში მიმავალს ხშირად შეუნიშნავს ყვავილებთან მოფუსფუსე ქალი. 
--გამომყევი!--სევერიანი გაჰყვა. მან იარები ცივი ბამბით გაუწმინდა. ბიჭს ლაპარაკის თავი არ ჰქონდა და არ უნდოდა, ამ ქალს რამე ეკითხა, ტირილს ძლივს იკავებდა. საბედნიეროდ, არაფერი უკითხავს.  
--წავალ მე!--უცებ წამოდგა-დიდი მადლობა.  დამშვიდობებისას ქალმა გაუღიმა. მის სახეზე სევერიანმა საოცარი შუქი შენიშნა, რამაც დედა მოაგონა, თითქოს დედამისი იდგა მის წინ. ძალიან მოუნდა, ჩახუტებოდა და ეტირა... 
სახლისაკენ მიდიოდა პერანგშემოხეული, არცერთი ღილი აღარ ჰქონდა, ცხვირი ეწვოდა, თვალებს ცრემლების ბურუსი ფარავდა, ,,ჭკუას ისწავლი“-ესმოდა ბიჭების ხმა, ,,სახლში რა ვთქვა?“-ფიქრობდა.  
--რა მოხდა?--გაოცებით ჰკითხა დედინაცვალმა და მალინისფერი მოსასხამი გაისწორა-ვინ გაგალამაზა ასე? გოგოს გამო იჩხუბე? 
სევერიანს პასუხის თავიც აღარ ჰქონდა და მხოლოდ თავი გააქნია. ,,ჭკუას ისწავლი“დაუდასტურა მანაც. ბიჭმა სახე მოიბანა, გამოიცვალა ტანსაცმელი და დაწვა, არც უჭამია, მხოლოდ ძილი უნდოდა. ,,ნეტავ ვერ გავიღვიძო“-ფიქრობდა. გვიან მამამისი შევიდა ოთახში, წარბშეყრილმა ჰკითხა საქმის ვითარება. 
--ვის ხარ აყოლილი? გამოგიყვან სკოლიდან და წაგიყვან ბაბუაშენთან სოფელში, იმუშავებ იქ, შენ სწავლა არ გინდა. 
--არა, ჩემი ბრალი არ იყო.. 
--გაჩუმდი მაინც, წიგნი არ მინახავს შენს ხელში, რისთვის დადიხარ სკოლაში?--მამა წამოდგა და ბრაგუნით გაიხურა კარი. 
მეორე დღეს სკოლაში სხვა გზიდან მივიდა. იმ გზაზე გავლას აღარ აპირებდა, ბიჭები სიგარეტის ფულს მოსთხოვდნენ. 
შრიალაკაბიანი მასწავლებელი შემოვიდა და მაშინვე სიის ამოკითხვა დაიწყო. სევერიანს გულმა ტკივილი დაუწყო. იცოდა, კიდევ სახელზე დაიწყებდნენ სიცილს. ამ დროს კარი გაიღო, ზორბა ბიჭი შემოვიდა და პირდაპირ მერხისაკენ წავიდა.  
--არ უნდა მოიხადო ბოდიში? --სათვალის ზემოდან გამოხედა მასწავლებელმა. 
--ბოდიში არა ის კიდე...--უთხრა ბიჭმა უდარდელად. 
--რაოო? რატომ დააგვიანე? 
--ადრე ვერ ავდექი. 
--არ იცი, რომ ნებართვა უნდა ითხოვო?--განაგრძობდა მასწავლებელი. 
--მე არ მჭირდება--იღრიჭებოდა რამაზი. 
--რაა?--მასწავლებელს ბრაზისგან სახე დაემანჭა. 
--რაც გაიგეთ, ნებართვა არა ის...--რამაზი დაჯდა  და თვალი ჩაუკრა ბიჭებს. 
--ადექი, გადი გარეთ! 
--არა! 
--ადექი, რომ გეუბნები!--ფეხზე წამოხტა მასწავლებელი. 
--ოო, არა-მეთქი! 
--მაშინ მე გავალ! 
,,პაჟალოსტა“--სიცილით წარმოთქვა ბიჭმა. კლასი ახარხარდა. 
შრიალაკაბიანი გარეთ გავარდა სახეალეწილი და ცოტა ხანში სასწავლო ნაწილი შემოვიდა საქმის ვითარების შესასწავლად. ამ ყველაფერს  ის მოჰყვა, რომ ის მასწავლებელი იმავე დღეს სკოლიდან წავიდა საკუთარი ნებით, აღარ ისურვა მუშაობის გაგრძელება. როგორც ჩანს, ნერვები არ ეყო საამისოდ. 
ქართულის მასწავლებლად კი მოვიდა ის ქალი, ნაცემი სევერიანი სახლში რომ წაიყვანა, თინა უგრეხელიძე. მან მთელი ძალით, ბორბალივით დაატრიალა და მთლიანად შეცვალა სევერიანის ცხოვრება. უცნაური ადამიანი იყო. ასაკით ახალგაზრდა, მაგრამ ცხოვრებაგამობრძმედილივით ლაპარაკობდა, თვალებით კითხულობდა მოსწავლეების ფიქრებს. 
სევერიანის სახელის ამოკითხვაზე მასწავლებელმა მხოლოდ გაუღიმა. ამასობაში გული ამოვარდნაზე ჰქონდა ბიჭს, ეგონა, გაახსენებდა ჩხუბის ამბავს,  მაგრამ... არა, ამას ნამდვილად არ მოელოდა. შემდეგ მასწავლებელი გადავიდა პოემა ,,ალუდა ქეთელაურის“ ახსნაზე. ყველანი მონუსხულებივით  უსმენდნენ. მასწავლებლის ხმა იდუმალი იყო, თითქოს სხვა საუკუნიდან მოდიოდა.  ისაუბრა ჰუმანიზმზე. ეს არ იყო მომაბეზრებელი ფრაზები, რომლის მოსმენაც გაუსაძლისია ხოლმე მოსწავლეებისთვის. 
სევერიანი ვერ ხვდებოდა, რა ემართებოდა. ინტერესი არ ასვენებდა. მასწავლებლის ხმა ესმოდა, ნაწარმოების სიუჟეტზე ფიქრობდა, სახლში მისული ქართულის წიგნს ჩაუჯდა, მეორე დღეს გაკვეთილზე მასწავლებელმა დასვა კითხვა და ხელი შეუწყო დისკუსიის განვითარებას. ადრე ქართულის მასწავლებელი მხოლოდ საზეპიროებს ითხოვდა ძალიან მკაცრად, არანაირი მსჯელობა არ იყო გაკვეთილზე. სიის მიხედვით ყველას ეკითხებოდა, მსჯელობას საერთოდ არ ითხოვდა. სევერიანს არ უყვარდა ლექსების დაზეპირება. ამის გამო ინტერესი ჰქონდა დაკარგული. ახლა კი...რაღაც სულ სხვანაირი სიტუაცია იყო...  
--შენ როგორ ფიქრობ, სევერიან?--ჰკითხა თინა მასწავლებელმა.  ბიჭი გაუბედავად წამოდგა. რაღაც აზრი წარმოთქვა შიშით, ეგონა, დასცინებდნენ.  
--ყოჩაღ!--შენ ქეთელაური სულ სხვა კუთხით დამანახე--მაინტერესებს, რას იტყვი მუცალის საქციელზე? შენი აზრი მნიშვნელოვანია! 
სევერიანი გახალისდა და უფრო თამამად გამოთქვა აზრი. მან მასწავლებლის დიდი ქება დაიმსახურა. სევერიანს მოეჩვენა, თუ მართლა ასე იყო, კლასი რაღაც სხვა თვალით უყურებდა. დისკუსიაში აქტიურობისა და მასწავლებლის შეფასების შემდეგ თითქოს რაღაც მარწუხებს დააღწია თავი.  
თინა უგრეხელიძის  სკოლაში მოსვლის დღიდან სევერიანი საუკეთესო მოსწავლედ იქცა. მისდამი დამოკიდებულებაც რადიკალურად შეიცვალა. ვისღა ახსოვდა ,,სეო?“ თინა მასწავლებელი სრულ სახელს ეძახდა და ყველამ ასე დაუწყო მიმართვა სევერიანს. სახელი, რომლის წარმოთქმისთანავე იწყებოდა მისი ტანჯვა, ახლა ლამაზად ეჩვენებოდა. ეს სიფრიფანა ბიჭი მალე ყველაზე აქტიური მოსწავლე გახდა ლიტერატურის გაკვეთილზე მთელ კლასში. სხვა საგნის მასწავლებლებს ესმოდათ სევერიანის ქება და გაოცებულები იყვნენ, სხვა გაკვეთილებზეც ვეღარ ბედავდნენ ბავშვები ბიჭის დაცინვას. 
თინა მასწავლებელს რაღაც ძალა ჰქონდა, მისი გავლენა ბავშვებზე დიდი იყო, მისი დამოკიდებულება, ყველა ბავშვი აღექვა პიროვნებად, გადამდები აღმოჩნდა,  მისი გაკვეთილები კი  შემოქმედებითი და საინტერესო. სევერიანს იმ საუკუნეში ეგონა თავი, რომელზეც ლაპარაკობდნენ. ბიჭს აღარ ეცალა დარდისა და ვარამისთვის. სულ კითხულობდა, დილითაც ლიტერატურის გაკვეთილის ხალისით დგებოდა. მხოლოდ თვალებს დარჩა სევდის კვალი.  
თინა მასწავლებელმა უცებ შეძლო ისეთი იმიჯის შექმნა, რომ ის თავხედი რამაზიც კი, რომლის გამოც თინა მასწავლებლის წინამორბედი სკოლიდან წავიდა, აღარ აგვიანებდა, ვერც შეპასუხებას ბედავდა. საინტერესო ის არის, რომ თინა მასწავლებლის არ ეშინოდათ, ძალიან დიდ მოკრძალებასა და პასუხისმგებლობას გრძნობდნენ მის მიმართ. 
სევერიანს, რომელსაც სკოლა ტანჯვის იარაღად მიაჩნდა, ყველაზე საყვარელ ადგილად ექცა. დღემდე ვერ აეხსნა, რატომ არიდებდნენ თავს ის ბიჭები, რომლებმაც სცემეს ქუჩაში, რატომ არაფერს აღარ ეუბნებოდნენ?.. ნუთუ თინა მასწავლებელმა უთხრა მათ რამე?.. 
 

გავიდა წლები...სევერიანმა სკოლა დაამთავრა. მამამ ურჩია ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაბარება, მაგრამ იუარა, ფილოლოგობა უნდოდა. 
--გიჟი ხომ არა ხარ?--ამბობდა მამა--რა გინდა სკოლაში? კაცი ხარ, მაღალხელფასიანი სამსახური გინდა, ეკონომიურზე ჩააბარე. 
--არა, მე ეგ არ მიზიდავს. 
მაინც თავისი გაიტანა სევერიანმა. წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და დღეს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია. მამის გარდაცვალება უეცრად აცნობეს და იქ სამძიმარზე თინა მასწავლებელი ნახა. იმ საოცარი შუქით განათებოდა სახე, სევერიანს დედას რომ აგონებდა. სწორედ ამ შუქმა მოატოვებინა  საშინელი ბავშვობა წარსულის მიღმა, როგორც კოშმარული სიზმარი. დიდი სითბოთი და სიყვარულით მოიკითხა.  როცა ბრუნდებოდა სახლში, ისევ იმ საოცარ შუქზე ფიქრობდა, თინა მასწავლებლის სახეზე რომ ხედავდა. თვალებიდან ვერ იშორებდა... უცნაური გრძნობა დაეუფლა, თითქოს მოუნდა მასთან დაბრუნება და ხელახლა საუბარი, მაგრამ სახლში მიდიოდა, დრო აღარ იყო... 
რამდენიმე დღის შემდეგ ცოლმა უთხრა, რომ კლასელმა დარეკა სევერიანთან, თინა მასწავლებლის შესახებ, გარდაცვლილა და გასვენებაში მივდივართ კლასელებიო. ცოლმა მოუბოდიშა, ,,დამავიწყდა, ახლა გამახსენდაო“ ცივმა ოფლმა დაასხა სევერიანს, მაშინვე წავიდა მშობლიურ უბანში. თინა მასწავლებელი დაოჯახებული არ იყო და სულ მარტო ცხოვრობდა. თურმე ჩქარა მომავალ ჯიპს ვერ დააღწია თავი. საჭესთან მჯდარა ახალბედა მძღოლი, მშობლებისგან გაზულუქებული ახალგაზრდა და ასე შეიწირა სევერიანის საყვარელი მასწავლებლის სიცოცხლე.  
ჭრიჭინების გაბმული ხმა ისმოდა სასაფლაოზე, იშვიათად კაჭკაჭების, ნაძვიდან ნაძვზე რომ გადახტოდნენ. ბილიკზე  ჩამოიარა მოხუცმა კაცმა, შეჩერდა, ჩამოჯდა საფლავის დაბალ ფილაზე. 
--შენი ვინ იყო ეს მიცვალებული?--ნასვამი ჩანდა. სევერიანმა პასუხი ვერ მოიფიქრა, მხოლოდ სევდიანი თვალები მიაპყრო.
--ოჯახის წევრი?--ჩაეძია მოხუცი. 
--დიახ--დაეთანხმა უნებურად. 
--ეგრეა!--თავი დააქნია--მეც ოჯახის წევრები დავკარგე, არავინ აღარ მყავს. ერთი შვილი მყავდა, დამეღუპა, ცოლი, მასზე ნერვიულობით, ორ წელიწადში მივაბარე მიწას და ყოველდღე ამოვდივარ საფლავზე, სხვა რა დამრჩენია?-მოხუცმა ხელი ჩამოისვა თამბაქოსგან გაყვითლებულ ულვაშებზე. 
ცოტა ხანს კიდევ დარჩა, წითელ ცხვირს იწმენდდა და სიგარეტს ეწეოდა, მერე გაჭირვებით წამოდგა  და ისე წავიდა, თითქოს ადამიანური ყოფის სიმძიმე მხრებზე ეკიდა.  
თინა მასწავლებლის საფლავზე დაყრილ ყვავილებს ნიავმა წამოუბერა. 

  

სამსახურიდან დაბრუნებულ სევერიანს ცოლმა უთხრა, რომ მათი ვაჟი სკოლიდან უხასიათოდ დაბრუნდა. სევერიანი ნიკას ოთახში შევიდა. ბიჭი ბალიშში თავჩარგული იწვა. ხელით შეეხო, ბავშვმა შეხედა და ისევ დახუჭა თვალები. 
--რატომ ხარ ასე? 
--როგორ?-- ბიჭმა ბალიში გაისწორა-ჯერ დედას ვპასუხობდი ერთი საათი, ახლა შენ? 
--მითხარი, მე ვიცი, რომ ყველაფერს მეტყვი და არ დამიმალავ. 
--რა გითხრა? ჰო, გეტყვი--უეცრად წამოჯდა ლოგინზე ნიკა--მათემატიკის მასწავლებელზე ვარ გაბრაზებული. უხეში და ძალიან სასტიკია, დამამცირა კლასის წინაშე. თითქოს დებილი ვიყო, ისე მომექცა და კლასმა დამცინა. 
--თუ დაგამცირა, დაგცინებდნენ, აბა რა. ბიჭი უცებ გახალისდა და რაკი მხარდაჭერა იგრძნო, უფრო გაიხსნა. 
--წესიერად არ ხსნის,  გასაგებად. თუ ვერ გაიგებ და ჰკითხავ, ბრაზდება. გენიოსი ხომ არ ვარ, ასე უცებ გავიგო? ან მე რას გადამეკიდა? რაღაც ჯავრი სჭირს ჩემი.  
--არა, მეც ასე მეგონა შენს ასაკში, ყველა ასე ფიქრობს. კი, ძნელია, მაგრამ მეტი ყურადღებით უნდა იყო გაკვეთილზე. ზუსტად ასე, შენნაირად ვფიქრობდი--მხარზე დაადო ხელი შვილს და გაუღიმა. 
--აბა, თვითონ იყოს მოსწავლე, რატომ არ ფიქრობს, თვითონ რომ იყოს, როგორი ძნელია, კლასი აცინოს მასზე მასწავლებელმა. 
სევერიანი მიხვდა, რომ ბავშვი  მართალი იყო. მისმა სიტყვებმა გაახსენა შტეფან ცვაიგის ,,მარადიული ძმის თვალები“, სადაც ბრაზმორეული მსჯავრდებული მოსამართლეს ეუბნება, რომ მას წარმოდგენა არ აქვს სასჯელის სიმძიმეზე და ისე გამოაქვს განაჩენი, გულცივად ართმევს სიცოცხლის საუკეთესო წლებს. ამას ის მოჰყვება, რომ მის ნაცვლად სასჯელს მოსამართლე  მოიხდის, რათა გამოსცადოს, რასაც მსჯავრდებულები იტანენ ციხის ბნელ საკნებში  და ამის მერე თავს დაანებებს მოსამართლეობას...ასეთ რამეზე სევერიანი არასოდეს დაფიქრებულა. 
--იცი, ნიკა, მე ძალიან გამახარებ, თუ დღეს წაიკითხავ შტეფან ცვაიგის ერთ პატარა ნოველას და საღამოს მეტყვი შენს აზრს... ასე ჰქვია  ,,მარადიული ძმის თვალები“... 
მან კარადაში მოძებნა წიგნი და ბიჭს გადასცა.  
--არ მინდა, მაგის თავი არ მაქვს--უხალისოდ გამოართვა წიგნი. 
--ბევრი არ არის, უცებ წაიკითხავ. ბიჭმა სარჩევში ძებნა დაიწყო. 
--ბევრი საკითხავი არ არის და საღამომდე შეძლებ. ახლა მე წავალ, აბა, შენ იცი! 
სევერიანი სამსახურში მიდიოდა, წვიმდა... ფიქრები არ ასვენებდნენ ,,რა რთულია მოზარდის ბუნება. რა ორომტრიალი მაქვს გადახდენილი... ნიკას ამბავი ჩემთან  შედარებით არაფერია“. საღამოს მოუთმენლად მიაშურა ბიჭის ოთახს. ის გაღიმებული შეხვდა. 
--ხომ მართალს ვამბობდი? ანალოგიურია, ხომ ვთქვი, რომ მან უნდა წარმოიდგინოს თავი მოსწავლის ადგილზე? 
--ჰო, მაგრამ ნოველაში ეს ეწერა?--დაბნეულმა ჰკითხა ბიჭს და სათვალე გაისწორა.. 
--ეს სიტუაცია არ არის, მაგრამ მსგავსია--ამ აღმოჩენამ ნიკა გაახალისა.  
სევერიანი გაურკვევლობაში იყო. თვითონაც ვერ გაიაზრა, რატომ მიუთითა ეს ნაწარმოები ბიჭს. სურდა, ხალისი დაებრუნებინა მისთვის და, სიტუაციიდან გამომდინარე, ,,მარადიული ძმის თვალები“ გაახსენდა. ერთი მხრივ, გაუხარდა, ბიჭმა რომ უხასიათობა დაძლია, მეორე მხრივ, შეფიქრიანდა, მისი შვილი მასწავლებლის მიმართ კრიტიკულად  რომ იყო განწყობილი. 

   
ნიკამ ინტერნეტში წინასწარ მოძებნა რამდენიმე რთული კითხვა მათემატიკიდან და გაკვეთილის დაწყებისთანავე  მასწავლებელს ერთი ამოსუნთქვით დააყარა. ლილი მასწავლებელი გაოგნებული უყურებდა. ის დაიბნა, რადგან არ მოელოდა ასე სხარტად შეკითხვებს, ასეთი მკაცრი ტონით. ბავშვები ირონიულად უყურებდნენ.  პასუხი ვერ მოიფიქრა, მათემატიკა მისი გონებიდან წამიერად გაქრა.  
--თქვენ რომ ჩემი მოსწავლე იყოთ, ორიანს დაგიწერდით--თქვა სევერიანის ბიჭმა და დაჯდა. მოსწავლეები ხარხარებდნენ, მერხებს არახრახებდნენ. ყოველთვის მკაცრ ლილი მასწავლებელს სახე აუწითლდა, გაკვეთილი ჩაეშალა.  ზარის დარეკვის შემდეგ სევერიანის შვილი ლილი მასწავლებელთან მივიდა და უთხრა: 
--ბოდიშს გიხდით, მაგრამ ერთხელ მაინც რატომ არ გინდათ იფიქროთ, რომ მოსწავლეც მცირდება, კლასის წინაშე რომ არცხვენთ? მასწავლებელი გაოგნებული უყურებდა. 
--მე შეგარცხვინე?-ამოილუღლუღა--სულაც არა, უბრალოდ... რომ არ იცოდი, არ უნდა მეთქვა? 
--დიახ, შემარცხვინეთ, მე თავმოყვარეობა არ მაქვს? ამდენმა ბავშვმა ჩემზე იქირქილა...მე ძალიან გამიხარდება, თუ თქვენ წაიკითხავთ შტეფან ცვაიგის ნოველას ,,მარადიული ძმის თვალები“...--ზრდასრული კაცის იერით უთხრა ნიკამ და წავიდა. 
ლილი მასწავლებელი კარგა ხანს იჯდა  ცარიელ კლასში, მაგიდასთან. რამდენი თაობა აღზარდა და არასოდეს დაფიქრებულა იმაზე, რაც დღეს ნიკას პირით მოისმინა. 
ლილი მასწავლებლის ბავშვებს ყოველთვის ეშინოდათ. მის დანახვაზე სიცილსაც კი მოსხეპით წყვეტდნენ ბავშვები, შენიშვნის მიცემაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ,,იქნებ ნიკა მართალია და მე ვამცირებ ბავშვებს?“, ,,არა, მე მართალი ვარ და მაგ თავხედ ბიჭს ჭკუას ვასწავლი, ხვალვე ვეტყვი დირექციას, ზომები მიიღოს, რომ მოსწავლე ცუდად მომექცა“, ,,სად არის პედაგოგიური მიდგომა? მოსწავლე პიროვნებაა, მის გრძნობებს სათუთად უნდა მოექცე, თუ არა და სკოლიდან უნდა წახვიდე“. ასეთი ფიქრები ებრძოდნენ ერთმანეთს მასში. 
ჩაფიქრებული მიდიოდა სახლისაკენ ლილი მასწავლებელი. მიხვდა, რომ ნიკა მართალი იყო. არასოდეს უფიქრია ასეთ რამეზე. შტეფან ცვაიგის ეს ნაწარმოები წაკითხული არ ჰქონდა. ცვაიგი საერთოდ არ ჰქონდა წიგნების კარადაში. ბიბლიოთეკა ქუჩის კუთხეში იყო. ლილი მასწავლებელს წიგნი ქერა, ცხვირნოღა ბიბლიოთეკარმა ისე მიაწოდა, რომ არ შეუწყვეტია ტელეფონზე საუბარი. ვიღაცას კაკლის მურაბის რეცეპტს აწერინებდა. 
ნოველის წაკითხვის მერე ლილი მასწავლებელმა მთელი ღამე ვერ დაიძინა. ,,ნიკა მართალია“-ეუბნებოდა იდუმალი ხმა.  მეორე დღეს გაკვეთილზე ბავშვები ირონიული ღიმილით  შეხვდნენ მასწავლებელს. 
--მოძებნეთ  მას წიგნში ნიკას კითხვების პასუხები?--გაუღრიჭა მასწავლებელს თამაზმა. 
--გაჩუმდი შენ რა!..--გაუბრაზდა ნიკა. 
მოსწავლეები გაფაციცებით აკვირდებოდნენ ლილი მასწავლებელს.
--გუშინ...გუშინ ნიკამ სულ სხვა თვალით დამანახა თქვენი თავი...ნიკა მართალია-და ყელში მოაწვა, მეტი ვერაფერი თქვა. ნიკა არ მოელოდა ლილი მასწავლებლის ასეთ ცვლილებას და უცებ წამოდგა. 
--მე ბოდიშს გიხდით გუშინდელი საქციელის გამო...რაღაც არ გამოვიდა კარგად... მასწავლებელმა გაუღიმა. ნიკა ბედნიერი იყო. 

 
  
ბოლო ხანებში ყველა ამჩნევდა, რომ ლილი მასწავლებელი რადიკალურად შეიცვალა. წარბაწეული კი არა, თბილი ღიმილით შედიოდა კლასში. მკაცრი, უხეში მასწავლებელი, რომელიც შიშის ზარს სცემდა ყველას, მოკრძალებულ, სათნო ადამიანად იქცა. 
სევერიანს რამდენიმე დღე არ ეცალა ბიჭისთვის და არც გახსენებია მისი პრობლემა. სამსახურიდან დაბრუნდა, სახლთან ახლოს, ბებერი ცაცხვის ქვეშ გააჩერა მანქანა და გადმოვიდა. 
--ბატონო სევერიან!--მოესმა. 
 მის წინ ნიკას მათემატიკის მასწავლებელი იდგა. 
--დიახ! 
--მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი  ბიჭი გყავთ, ნიჭიერი, მოაზროვნე, მას დიდი მომავალი აქვს. 
სევერიანმა ლილი მასწავლებლის სახეზე ის საოცარი შუქი დაინახა, რომელიც ოდესღაც ანათებდა მისი საყვარელი თინა მასწავლებლის სახეს და დედას აგონებდა, რომელმაც აქცია ის საზოგადოებაში სრულფასოვან ადამიანად;  ვერ ხსნიდა, რა იყო, რას მოაქვს, საიდან მოდის საოცარი გამონათება ამქვეყნიურ ორომტრიალში, რასაც სიკეთე და მადლი მოაქვს... 
სევერიანი გაოგნებული და გაღიმებული აკვირდებოდა საოცარ შუქს მასწავლებლის სახეზე და თვალის მოწყვეტა არ უნდოდა... 

მარინა ტარუღიშვილი 
2019 წლის მარიამობისთვე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი