ჩემმა თვალებმა დაასწრეს განთიადს


ჩემმა       თვალებმა        დაასწრეს      განთიადს
,,,ჩვენ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ“ ეგზიუპერის ამ სიტყვებზე ვფიქრობ. სხვა მოგონებებთან ერთად აღდგომის დღესასწაულიც მახსენდება.
ჩემთვის რაღაც საიდუმლოებით მოცული იყო აღდგომა. ალბათ იმის გამო, რომ ათეისტი კომუნისტების დროს იდევნებოდა და ერთგვარად სირცხვილადაც კი ითვლებოდა  რწმენა. სწორედ ამის გამო მაინტერესებდა ეს ნახევრად ამოუცნობი ფენომენი აღდგომისა. 
რამდენიმე  ეპიზოდი გამახსენდა კადრებივით. თითქმის არ მეძინა. ველოდებოდი, როდის ირიჟრაჟებდა, რომ გავსულიყავი ბავშვებთან და მენახა მათი შეღებილი კვერცხებიც. 
ჩემმა თვალებმა განთიადს დაასწრეს გამოფხიზლება. დედამ ქიშმირის წითელი კაბა ჩამაცვა და კვერცხით ხელში გავედი თანატოლებთან სათამაშოდ. ყველას კვერცხები გვეკავა, ვინ ვის ჩაუტეხდა კვერცხს. ზოგი კვერცხი მუქად იყო შეღებილი, ზოგი ცოტა ღია ფრად. ზოგ ბავშვს ბატის კვერცხი ჰქონდა, ზოგს ინდაურის. ვისაც ციცირის კვერცხი ჰქონდა, ყველას უმტვრევდა. სახალისო იყო ეს თამაში. 
საინტერესოა, რომ ამ დროს აცხობდნენ უგემრიელეს ცხვრის ფორმის ნამცხვარს. სპეციალური ლითონის ფორმა იყო, რომელშიც მოათავსებდნენ  ნამცხვრის ცომს და გამოცხობის შემდეგ იღებდა ყელმოღერებით, ლამაზად მოკალათებული ცხვრის ფორმას. მერე თვალების ადგილზე ლობიოს მარცვლებს უდებდნენ და ცოცხალივით გამოიყურებოდა. ყელზე კი ცხვარს წითელ ბაფთას უკეთებდნენ აღდგომის აღსანიშნავად. 
აღდგომისა და ამაღლების დღესასწაულს თითქმის ყოველთვის ძლიერი წვიმა დაასრულებდა ხოლმე და მოვარდებოდა ხევი, რომელიც ღრიალით მოაგელვებდა უზარმაზარ ქვებს და იმხელა ხმა ჰქონდა, ყურთასმენა არ იყო. ბავშვები გავრბოდით მის სანახავად. 
დღესაც თვალწინ მიდგას ხევის ნაპირებთან როგორ ცდილობდა ზოგი ფიჩხის კონების ჩალაგებას, სახლში რომ არ შევარდნოდა ნიაღვარი. სასწაულებრივი სანახაობა იყო. ისიც მახსოვს, ერთი ბავშვი ხევის ღრიალს რომ უყურებდა, თან მადიანად  მიირთმევდა  ღორის ქონით გადალესილ თონის პურს. ამ ყველაფერმა თვალწინ წარმომიდგინა ალალი, მიამიტი, გულუხვი, მადლიანი ხალხი...
ეჰ, საკმაოდ  ბევრია დალექილი გონებაში საინტერესო და  მნიშვნელოვანი. ახლაც  ვფიქრობ, ტრადიციებში  რამდენი რამ შეიცვალა და დაიკარგა.  ამ ფიქრებში ისევ დაასწრეს  ჩემმა თვალებმა განთიადს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი