ვარდისფერი კაბა
დედაზე ფიქრმა საბავშვო ბაღის პერიოდი გამახსენა. მთელი ბავშვობა დედის კაბის კალთაზე ხელჩაკიდებულმა გავატარე. სულ კუდში დავდევდი დედას, ისიც სულ მეფერებოდა ნაბოლარა შვილს და ამის გამო ვერ მივეჩვიე დამოუკიდებლობას. უკვე ზრდასრულ ასაკშიც სულ დედასთან მინდოდა. რა საოცარი იყო დედის სურნელი...ენით ვერ გადმოვცემ, რაღაცნაირი თბილი, სიმშვიდის მომცემი, იმედიანი, მადლიანი... მორცხვი ბავშვი ვიყავი. ვინმე რომ დამელაპარაკებოდა, მაშინვე დედის კაბის კალთას ამოვეფარებოდი. ყველას შემჩნეული ჰქონდა ჩემი სიმორცხვე. საბავშვო ბაღში როცა მიმიყვანა დედამ, სულ ვტიროდი. თანატოლები არც ტიროდნენ, არც დედას ითხოვდნენ, ხმაურობდნენ, ცელქობდნენ, მე კი დედასთან მინდოდა. საღამოს მშობლები იცდიდნენ ხოლმე ბაღის ჭიშკართან, ბავშვებს სანამ გაგვიშვებდნენ (ასეთი წესი იყო მაშინ). ჭიშკრის ღრიჭოდან ვათვალიერებდი და თუ დავინახავდი დედის კაბას, ვმშვიდდებოდი. ერთ საღამოს, როცა შეგვკრიბეს ბავშვები, გავიჭყიტე ჭიშკრიდან და ვერ დავინახე დედა. უფრო სწორად, მისი ვერც ერთი კაბის ფერი ვერ დავლანდე. რომ გამოგვიშვეს ბავშვები, შიშისა და პანიკისგან გულგახეთქილი გამოვვარდი და გავრბოდი უმისამართოდ. უკან დედის ხმა მომესმა ,,მარიკა, მარიკა!..“ ალბათ დღეს დედამიწაზე ღმერთის გამოჩენა გამახარებს ასე, მე რომ მაშინ დედის დანახვა გამიხარდა. მას ახალი, ძალიან ლამაზი ვარდისფერი კაბა ეცვა. გავიქეცი და მთელი ძალით დავეტაკე, ჩავეხუტე, ვნეტარებდი დედასთან... ახლა კი თვალცრემლიანი ვიხსენებ დედას. როგორ მინდა, თუნდაც ერთხელ განვიცადო ის გრძნობა, დედის ვარდისფერ კაბას ჩახუტებულმა რომ განვიცადე... მარინა ტარუღიშვილი 2026 წლის 14 მარტი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი