კვირიონი
ზაფხულის სიცხე ყველგან შემაწუხებელია-სოფელშიც და ქალაქშიც, მაგრამ სოფელს გარკვეულ ხიბლს აძლევს კვირიონების ხმა, რომელსაც ბავშვობაში გადავყავარ... როცა ყველაფერი კარგად იყო, როცა ოჯახის წევრები ცოცხლები იყვნენ, მაშინაც კვირიონებს ვუსმენდი. სასიამოვნო ხმა აქვთ ამ ფუტკრიჭამია ფრინველებს. მშობლიურ სახლში ყველა ხესთან, ყველა ქვასთან მოგონებები აიშლებიან ხოლმე და მაბრუნებენ საოცარ სამყაროში, ბავშვობა რომ ჰქვია...როცა არაფერი გადარდებს, როცა ყველა სურვილს გისრულებენ (შოკოლადის ფილიდან დაწყებული სათამაშოებით დამთავრებული), როცა საპნის ბუშტებს უშვებ და ოცნებობ, როცა ვარდისფერ და ლურჯ ლაშქარა ყვავილებს აწყობ წყალში, მოცეკვავეებს ამსგავსებ და ფიქრობ, ფიქრობ... როცა ჩიტისთვალებს კრეფ, დედას კუდში დასდევ, ბუერას (ბაბუაწვერას) მოკითხვას აბარებ მამიდასთან, როცა თანატოლებისგან მოსმენილი ალებისა და ჭინკების არსებობის გჯერა და ემოციების გამო ღამე შიშისგან ვერ იძინებ, უამრავ კითხვას უსვამ საკუთარ თავს და პასუხს ბოლომდე ვერ იღებ. მაინც რა არის ბავშვობა, მშობლიურ სახლთან რომ ასოცირდება, ოქროსფერი კვირიონივით მომხიბლავია, ყველა კუთხე-კუნჭულში ჩაბუდებულა და დედას გამოკიდებული ატირებული პატარასავით არ მასვენებს, სულში და გულში სასიამოვნოდ მიძვრება...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი