უპასუხო სიყვარული (გაგრძელება)


ჩემი და შენი რომანი ვერ დაიწერება... რადგან ჩემი და შენი მხოლოდ მომენტები არსებობს. შენ მიდიხარ, ჩემი ყველა უჯრედიდან ქრები, აღარაფერს ახსოვხარ ჩემს შიგნით,მაგრამ... ბოლო წამს ისევ ბრუნდები... ამნეზიაც, რომ დამემართოს და დამავიწყდეს ყველა ფერადი პეპელა, ვფიქრობ შენ ვერ დამავიწყდები...
მე და შენ რთული სიმპტომები გვაქვს... დიაგნოზი კი ისაა რასაც ერთმანეთს დავუსვამთ. შენ ფრენა არ გიყვარს, მე კიდე სულ ფრენაზე ვვოცნებობ. მაგრამ საერთო გვაქვს. მე თუ ფრთები ვიშოვე და ავფრინდი შენც მიმყავხარ , შენ კიდე უფრთოდ მომყვები. ჩვენი რეალობა ძლიერია ყოველთვის ჩვენზე ... ამიტომ ვეფერებით ერთმანეთს ზედმეტად და ამით იქნებ შევიყვაროთ... მე ფრთები აღარ მაქვს და ვფიქრობ რომ გაგვიჭირდება შეყვარება... არც ვცდილობ და ისევ გეფერები. შენ უფრთოდ აგრძელებ შეტევას, რადგან იცი რეალობაზე ძლერი შენ ხარ! გინდა მეც ძლიერი ვიყო. ჩემს თითებს, ყელს, პულსს და ტუჩებს ზეპირად იცნობ ... შესწავლილი გაქვს მზერა ... ჩემი მზერა, რომელიც მხოლოდ შენსკენ უნდა იყურებოდეს, მაგრამ შენს გარდა ყველაფერს უყურებს.
მე ისევ ფრთებს ვშოულობ... და ჩემი მკერდის ანარეკლში გაფარებ შენ... ლტოლვა და შეგრძნებები ძლიერდება, გვიწევს დაბრუნება იქ დაბლა, ძირს მაგრამ გვიჭირს რადგან აქ სიძლიერე, მხოლოდ ჩემში და შენშია... ასე გადის ღამე... გვეღვიძება ერთად, გვცხვენია მთვარის რადგან ისიც კი დანებდა და ჩავიდა, ჩვენ კი ისევ აქ გვინდა, მაღლა შორს... მზის დამწვარი სხივები ჩემს და შენს თეთრ კანს ეცემა, შემაწუხებლად, ორივეს კანს სისხლისფრად ღებავს, მაგრამ ჩვენ არ ვტოკდებით. გეშინია შენ... იმის რომ შენი თეთრი და იმ ახლოს მყოფი ღრუბელივით ნაზი კანი არ დაზიანდეს ... გადაწყვიტე ძირს ჩასვლა. ჩემი თვალებიდან ძალიან ბევრი წვეთი ჩამოვიდა, მაგრამ სული შეუბერე და მაინც ჩამომიყვანე... გულიდან სიყვარულიც გაიპარა... იქ დარჩა და ჩვენ არ გამოგვყვა... მე მშვიდად და გრილადვარ, არადა ვიწვი, ჩემს სხეულს წითელ ლაქებთან ერთად სიშავეები შემოემატა. შენი მუქი თვალები კი მეამიტურად ნებდებოდნენ. შენი სხეული სიმშვიდეს მთხოვდა, სიმარტოვეს და დროს... მე ვიფიქრე სიჩუმის შეყვარება მეცადა და ეგოისტურად, მთვარის მსგავსად დავნებდი. ვიღიმოდი,სახეს ძლივს ვაკავებდი. ვიცოდი მარტო ვრჩებოდით მე სიმარტოვე, ღიმილი, წვეთები, ლაქები, სიმშვიდე.
შენ მანდ დაბლა ხარ, წევხარ... ჩემზე ფიქრობ... ბევრი დრო გაქვს და გართობა გინდა, მაგრამ იცი შენ ჩემსავით არავინ გეტრფის და არც შენზე დარდობს არავინ. მე კიდე ისევ მაღლა, იქ გაგეპარე, ვფიქრობ ქალი ვარ და მაქვს უფლება არ გაგყო სხვასთან. ასე მინდა რომ გადავამოწმო შენი ჩემდამი გრძნობა. მაგრამ ისევ შენი ტუჩები მახსენდება, ისე ვგიჟდები მანძილი ნელ-ნელა მემცირება. შენ ამბობ რომ შევჩერდე, რომ არ მინდა, მაგრამ კაცი ხარ და ჩემზე მარტივად ნებდები, ისევ ისე ამაყად მთვარის მსგავსად... სიმორცხვე ორივესთვის ზღაპარი გახდა... და ორივემ გადავაკეთეთ ჩვენი რომანის დასაწყისი ...
თუ გკოცნი ესეიგი მინდა, და თუ გკოცნი ესეიგი არც არასდროს გივიწყებ.
არეული ამინდები ... ისევ არეული პერიოდი, აღარც შენ და აღარც მე. მე ჩამონგრეულ სახლში, რომელშიც მხოლოდ ერთი დამსხვრეული ჭიქა მოჩანს, იქაც ვხედავ იმედს... მე შენი მიტოვება არ მინდა და შენ რა გინდა ის არ ვიცი ... მარტო ის ვიცი ფიქრებიდან ვერსად წახვალ ... მერე რა თუ არაფერი შეიცვლება. მე ჯერ კიდევ მაქვს ფრთები და არ დამიკარგავს, ჩემს ოცნებებში ყველაფერი შეიძლება მინდა რომ შენც შეძლო, შეძლო და მე გამიძლო.
ქვევით ვიყურები და ისევ არ ჩანხარ, მე ვარ ეგოისტი და შენ პრინციპული, ესეიგი მე მაქვს უფლება უშენო დღეებიც სიყვარულში გავატარო და შენ მარტოობით დაღლილი თვალები ჩუმად დაისველო. ვერ გხედავ, მაგრამ ვიცი ახლა იქ დაბლა რასაც აკეთებ, დაორთქლილი სარკის ანარეკლს ეკითხები: ვინ დავკარგე? ვის ვეძებ? ვის ვეძახი? ვინ მჭირდება? ვინ მიყვარს? გრძნობა იყო თუ გრძელი ცხელი სიზმარი რომელიც მსიამოვნებდა? მიყვარდა? თუ ... და ისევ აპრიალებ დაორთქლილ მინას და გადიხარ რადგან არ გინდა უყურო იმას ვინც გეუბნება სხვას,შენგან განსხვავებულს და გაჯერებს რომ ის მართალია. ისევ იყურები მაღლა, მეძებ და არარსებულ მეს ეკითხები შენს სხეულში ვმალავდი გრძნობებს? თუ უბრალოდ შენს დღიურში გინდოდა დარჩენილიყავი ერთ ლამაზ პრინცად? მე კიდე აქედან მინდა გიყვირო ...რომ უბრალოდ წლები მოგთხოვს ჩემს სიყვარულს შენ და შენს სიყვარულს მე. შენ ისევ მორცხვი და ამაყი იქნები მე კიდე ეგოისტი და ჭკვიანი. ვიყვირებ და გიყვირებ რომ რას გადამეკიდე, თითქოს გახსოვდე, ან ჩემზე ზრუნავდე. ცადე ყველაფერი მიდი... მე ვიცი რომ ათი წელი მაინც არავის მნახველი არ ხარ... წადი, მომეშვი, იარე შენთვის... მაგრამ იცოდე სადმე თუ შეგხვდი და მიცანი... ისევ წადი და იმედსაც ნუ დამიტოვებ,არ მჭირდება ... მეც დავაჯერებ როგორმე ეგოისტ ჩემთავს რომ არხარ საჭირო და რომ შორია ჩემი და შენი საერთო გზა და იქ ვერცერთი მივალთ. წავალ ისევ იქ, მაღლა ვარსკვალებს დავითვლი, ისევ დაველაპარაკები ჩვენზე და ვკითხავ შენი გული ჯობს თუ შენი ტუჩები...
ვარსკვლავი არასდროს მინახავს ჩამოვარდნილი,მაგრამ დღეს შეცდა ... ახლა ღამეა და ბოლო ღამეა როცა შენზე ვფიქრობ ან თავისით მეფიქრება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი