შანდალიერების ქვეშ


შანდალიერებს ვუყურებ და ვტკბები ჰანგებით,
ეს ვნებაც ჩემში რომ იღვიძებს, როგორც კორიდა.
გუშინ მუზასთან პაემანზე წასული კაცი,
სახლში დავბრუნდი — ის რატომღაც აღარ მოვიდა.
ასეა ქვეყნად — გიყენებენ, მერე დაგწვავენ,
დაგივიწყებენ, მიგაგდებენ ტრფობის ქარ-ცეცხლში.
მადლია ისიც — კაცი გერქვას, სახელი შეგრჩეს,
სიყვარულისთვის უკვე ანგარიშს გთხოვენ კაფეშიც.
ავენიუზე ჩამოცვენილ ფოთლების ხმაზე,
ნოსტალგია მკლავს, როგორც ფიქრები — კავალერს.
მანდილოსანო, სუფლიორი ხომ არ გგონივართ,
ვგავდე გაცვეთილ კლოუნსა და არაფრის მთქმელს.
ისევ ჯიბიდან ამოღებულ ბოლო ღერს ვწვავ და
ფიქრები ისევ შენზე უნდა გადავაგრძელო.
წავედი — მუზას მაინც გადავურეკავ,
თორემ ფიქრები მარტო როგორ, რით გავამთელო.
#ლექსი#სიყვარული#ფიქრი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი