პატრიარქს


ჩვენი სამშობლო უფლის მხარეა,
დღეს საქართველო მგლოვიარეა,
დღეს უშენობის ცრემლი მწარეა,
თუმც რაც დასთესე, მსხმოიარეა.

ის არ დაღლილა არასდროს მუხლით,
არ დაცემულა ღმერთის წინ სულით,
ყველას ლოცავდა ის სუფთა გულით,
მთელი სიცოცხლე იცხოვრა უფლით.

ერის მომავლის სულ ჰქონდა ჯავრი,
ჩვენი ცოდვების იტვირთა ჯვარი,
ყველა განსაცდელს შეუდგა მხარი,
ქრისტესთან ჰქონდა კავშირი მყარი.

დანგრეული და ცეცხლით დამწვარი,
მას წილად ერგო სამწყსო ამგვარი,
კვლავ აღადგინა ჩვენში ტაძარი,
სულში დაგვინთო რწმენის ხანძარი.

დღეს მთელმა ერმა დაკარგა მამა,
ჩვენ დაგვაობლა იმ ერთმა წამმა,
ჩვენი ცოდვები იტვირთა კაცმა,
გაიზიარა მან უფლის ჯვარცმა.

ის არ მომკვდარა, გარდაიცვალა,
ღმერთის სამყოფში გადაინაცვლა,
უფლის აზრები მან დაგვიმარცვლა,
სიცოცხლე თესეთ და არა კაცკვლა.

ვერ შევამჩნიეთ ჩვენ შენი დაღლა,
ვიცით სუყველამ ღმერთთან ხარ ახლა,
წმინდა წახვედი ზეცაში მაღლა,
შენს მოწყალებას არ ჰქონდა დათვლა.

მე ერთი ვიცი, მხოლოდ სიმართლე:
ყველგან დაგვიცავს მისი სინათლე,
ზეცას შესწვდება სულის სიმაღლე,
იქაც ილოცებს, გვერგოს სილაღე.

გზები გვიჩვენა სამართლიანი,
მეტი რა არის, ხალხო, წმინდანი?
მან გვიანდერძა სიტყვა ფრთიანი:
ღმერთი, სამშობლო, ადამიანი.

გლოვის ზარები რეკავს მიწაზე
და სიხარული დაუდგა ზეცას,
მისი ცხოვრება მოსწონდა ღმერთსაც,
მიტომ ადგილი იქა აქვს ღმერთკაცს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი