ნება მომეცი ჩემო სამშობლო


ნება მომეცი, ჩემო სამშობლო,
ლექსად დავწერო ამბავი შენზე,
მიწით პატარა და გულით დიდი,
მოვყვე სიმართლე პატარა ერზე.

როგორ მოსთხოვეს მეტეხის ხიდზე
უარი ეთქვათ ქართველებს ღმერთზე,
ძლიერ მომინდა შენი დიდება
და გამარჯვება აღვწერო მტერზე.

რამდენმა ბრძოლამ გადაიარა
შენგან კურთხეულ წინაპართ მხრებზე,
მეტი რა გითხრათ, თავად მიხვდებით
მათი გმირობა გვიყვება ბევრზე.

და მაინც დავწერ, და მაინც დავწერ,
ვერ შევჩერდები მე მხოლოდ ერთზე,
თუ არ მოვყევი, რა მომასვენებს
კავკასიონის ბუმბერაზ მთებზე.

ოშკის, იშხანის დიდებულ ტაძრებს
დღესაც ატყვია ფრესკა კედლებზე,
ქართველი ერის ერთგული სული,
ვერ იტანს სიტყვას აუგს ქრისტეზე.

თუ არ ამოვთქვი, ვერ მოვისვენებ
ამოშანთული დედოფლის მკერდზე,
უხმოდ ეწამა უფლის რწმენისათვის,
უარი არ სთქვა ჭეშმარიტ ღმერთზე

სიკვდილის შიშმა ვერ შეაშინა,
ძმების ტკივილი იტვირთა მხრებზე
გვახსოვს გმირულად, როგორ ეწამა
თავდადებული მცხუნვარე მზეზე.

დღესაც ატყვია სისხლი ლაქებად,
მიდით იხილეთ ერეკლეს ხმალზე,
არ გამომივა, არ შეგახსენოთ
კოხტა ბელადის მოკვეთილ თავზე.

და კიდევ დავწერ, და კიდევ დავწერ,
დაუსრულებლად ასეთ გმირებზე,
ვერ იბატონებ, მტერო, ვერასდროს
ქართველი დედის აღზრდილ შვილებზე.

მე გულით ვცადე, ჩემო სამშობლო,
რომ მომეყოლა სიმართლე შენზე,
და თუ გამომრჩა რამე სათქმელი,
შენ მომიყევი შენ გმირ შვილებზე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი