დაუსრულებლად ბრძოლა სიკვდილთან


დაუსრულებლად ბრძოლა სიკვდილთან,
რომელიც მუდამ შიშში გამყოფებს,
მე მოგიყვებით ჩემი ბრძოლის გზას,
ყური დაუგდეთ ლექსის ამ სტროფებს.

მეც მაშინებდა ერთ დროს სიკვდილი,
ვხედავდი როგორც მას დაუნდობელს,
გავრბოდი მისგან, ყველგან მომდევდა,
ვით მონადირე განწირულ ცხოველს.

დავნებდი დაღლილს, ძალა აღარ მაქვს,
ვერსად წაუვალ, მივხვდი ამ ტკივილს,
მე მასთან ბრძოლამ დამღალა მეტად,
ბრძოლაში ვიწვევ ულმობელ სიკვდილს.

შვება ვიგრძენი, ტანჯვით დაღლილმა,
სიკვდილის შიში მომეხსნა თითქოს.
გამოჩნდი, სად ხარ, შენ გელოდები,
მე მზად ვარ, ახლა თუ ღმერთი მიხმობს.

ვხედავდი ბნელში მის ნატანჯ სახეს,
ვატყობდი, ჩემთან არ სურდა ყოფნა,
სიტყვა ვეღარ თქვა გაოგნებულმა,
როგორ გავბედე მე მისთვის კოცნა.

დაბრძანდი, უთხარ, არსად გავრბივარ,
ჩემს საძებნელად არ ღირს წვალება,
შენ ხომ ვერავინ ვერსად გაგირბის,
კაცი შენ ვერსად დაგემალება.

რად ვერ გაშინებ, მითხრა სიკვდილმა,
მახრჩობს ამ ამბის ცოდნის წყურვილი.
რატომ არ გინდა, რატომ არაგაქვს
ამ ქვეყნად ყოფნის, მითხარ სურვილი.

ვხედავ გაოცდი, მე რომ სხვა გავხდი,
ვერ შემაშინებს დღეს შენი ლანდი,
მე ამის მიზეზს გულწრფელად გეტყვი,
მთელი სიცოცხლე ისედაც მკლავდი.

ბავშვობიდანვე ვებრძოდი დილას,
ღამემ კი მხრებზე დამაწყო სევდა,
სიკეთეს ვთესდი ხელისგულებით,
მაგრამ ნაყოფად ცრემლები მრჩება.

არაფერი მაქვს დღეს სათხოვარი,
ვიცი, არ სწვდება ზეცამდე ლოცვა,
ახლა თუ მიხვდი, რატომ მომინდა
დღეს შენთან ყოფნა და შენი კოცნა.

სიკვდილმა დიდხანს ხმა აღარ გამცა,
თვალებში თითქოს სევდა ეტყობა,
მითხრა, შენ მხოლოდ ტკივილს უყურებ
და ეგ სიცოცხლე მიტომ გეთმობა.

შენ მე მაშველად მომიხმე, ვხვდები,
დღეს ბოლო სიტყვა, დიახ, მე მეთქმის,
არ შეგაწუხებს სიკვდილის შემდეგ,
როცა იხილავ ამ ქვეყნად შექმნილს.

როცა დრო მოვა, მე მაშინ მოვალ,
მანამდე სულით ნუ დაეცემით,
ერთი იცოდეთ, ერთის გჯეროდეთ,
ამას ვერავინ ვერ გაექცევით.

თვალცრემლიანი დიდხანს ვუსმენდი,
თითქოს გამოჩნდა შორით ნათელი,
წადი სიკვდილო, დღეს არ მოგყვები,
ჯერ კიდევ ბევრი დამრჩა სათქმელი.

ცრემლი მომწმინდა თვალზე სიკვდილმა,
სიცოცხლეს გითმობ, თქვა სიხარულით,
ბნელს შეერია, თან მომაძახა,
ტკივილებს სძლიე, გთხოვ, სიყვარულით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი