ეს რა დროება მოვიდა
ეს რა დროება მოვიდა, დაკარგეს ნამუსის ქუდი. რამდენი კაცი გამხდარა ამ ქვეყნად სიმართლის ქურდი. აღარც ღმერთი სწამთ, უბედურთ, დადიან აწყვეტილები. ვერ ხვდებიან, რომ ჰქვიათ შუბლზე ძარღვ გაწყვეტილები. სული ეშმაკებს მიჰყიდეს, გამხდარან მისი მონები. ვერ იაზრებენ, დრო მოვა, მოეკითხებათ ცოდვები. ცოდვამ წალეკა სამყარო, სიკეთის არ დარჩა მქმნელი. სიბნელემ დაისადგურა, სადღაც გამქრალა ნათელი. სადაც გახედავ, სუყველგან ანთია ბოღმის ხანძრები. ლოცვა არავის აღარ სურს, დაცარიელდა ტაძრები. სიმართლე გადავასახლეთ, ტყუილს დაუდგით ტახტია. სახე უფლისა დავკარგეთ, აღარ ვართ მისი ხატია. ნამუსი გახდა სათრევი, პატიოსნება სირცხვილი. წინ გველოდება ცოდვილებს ცრემლი, გოდება, ტკივილი. თითქოს სამყარომ ისწავლა ღმერთის გარეშე ცხოვრება. აქ დაგროვილი ქონებით იქ ვერ გვექნება ცხონება. თავს არ მოგაწყენთ არავის, ჩემი დასმული კითხვებით. ბიბლია ამბობს, სუყველა უფალთან განვიკითხებით. ყველა მივიღებთ საზღაურს, რაცა გვაქვს ნამოქმედარი, როცა უფალთან მიგვიყვანს მისი სიმართლის მხედარი. ცოდვებს ვერავინ დაფარავს, ღმერთი გვიყურებს ზეციდან. სანამ ჯერ კიდევ დრო არის, სიკეთე ვთესოთ ხელიდან. მეც ცოდვილი ვარ, უფალო, ჩემი ჯვარი მაქვს სათრევი. ღმერთო, შემინდე ცოდვები, ეშმაკს მეც ვყავარ ნათრევი. ხელით დავწერე ეს ლექსი, ნაკარნახევი გულიდან. უფალო, შეგთხოვ, გააქრე ბოროტი ჩემი სულიდან.
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
0 კომენტარი