ჯვარცმული სიყვარული


ღმერთი ჯვარზე გავაკარით,
გამოვხატეთ სიხარული.
ჩვენ ბარაბა ავირჩიეთ
და მოვკალით სიყვარული.

რა ხალისით ვაკეთებდით,
სულ არ გვქონდა სიბრალული.
ჩვენთან იყო უანგაროდ,
თუმც განვდევნეთ სიყვარული.

ჯვარს გოლგოთას მიათრევდა,
არ შეეძლო სიარული.
ხელი არვინ წავაშველეთ,
დავივიწყეთ სიყვარული.

უმეცრების სცენა დავდგით,
ბრბო მისდევდა მხიარული.
რაც გვაცოცხლებს, არსად იყო,
გამქრალიყო სიყვარული.

სულ არ ვნანობთ ჩვენ ჩადენილს,
სული კვდება მინავლული.
ვეძებთ როცა დაგვჭირდება,
მაგრამ არ ჩანს სიყვარული.

ჩვენთვის იყო აქ მოსული,
რომ გაექრო სულში წყლული.
ხელაღებით გავაძევეთ
ჭეშმარიტი სიყვარული.

აღესრულა ჯვარზე ჩვენთვის,
ცაში უფალს მოსწყდა ცრემლი.
რატომ, რისთვის გავაძევეთ,
ვუარყავით სიყვარული?

დააბრუნეთ, დააბრუნეთ,
მიყიდული ეშმაკს სული.
გააცოცხლეთ, გააცოცხლეთ
სამყაროში სიყვარული.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი