ხმები


აქ გულგრილ სივრცეს საცხოვრისად აქცევენ ხმები,
ხმები, რომლითაც სავსენი ვართ, ხმები ნაცნობი,
გულის კუთხეში შეყუჟული ხმები მშობლების,
ღრმად შენახული თბილი ხმები, ხმები ბავშვობის.

ზოგჯერ ხმებს წლები აზავებენ დროის სურნელით,
მენაყინეთა გაბმულ ძახილს, ტრამვაის რახრახს, 
მერე ის ხმები იბუდებენ როგორც სულები
და მკაცრ შენობებს სულ ადვილად აქცევენ სახლად

მხერვალე ლოცვად იქცევიან აქ გულის ხმები,
დიად ტაძრებში მაღლდებიან ეულ გალობად
და ისევ ვცდილობთ გამოვიხმოთ შენი წყალობა,
როდესაც, ღმერთო, შენს სმენაში ვედრებად ვრჩებით.

დროდადრო ხმები დაბლდებიან გულწრფელ ჩურჩულად,
ვინმეს ტირილად იქცევიან, ან გაბმულ კვნესად
და აფრენილნი ამ მიწიდან ასე უჩუმრად
იქ, ლურჯ სივრცეში იქცევიან ჩიტები ხმებად.

აქ მოხუცების მარტოობამ სივრცე დატბორა,
დრომ ძვლების სახლში გამოკეტა ჩუმად ქრებიან,
მათი დუმილი სამყაროულ სევდად გათოვდა,
მარადისობის სიახლოვით ითანგებიან

ამ უცხოდქცეულ სამყაროში ძაბავენ სმენას
სულში დამალულ ხმებს ეძებენ და დროს ებრძვიან
და რადგან უკვე მეგობრები დაკარგეს ყველა,
ცივ სამყაროში რაც შემორჩათ, მხოლოდ ხმებია.

თუმცა, სთქვი, იმათ ვინ გაათბობს, სიჩუმის მკვიდრებს,
მათ შეუბღალავ სმენას ხმები ვერ ეხებიან,
მაგრამ შენ ძალგიძს, მეუფეო იმ ხმობად იქცე
თავის უმანკო სმენაში რომ ეგებებიან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი