“ბავშვობის ღამეები”
ზღაპარს ჰგავდა ყოველი ღამე ჩემს სოფელში ციცინათელები სიბნელეში ცეკვავდნენ, ჭრიჭინები კი გვიმღეროდნენ ბავშვობას ჯადოსნურს ხდიდნენ, ეზოში პატარა ფურნე გვქონდა იქ დედა და დეიდები პურს აცხობდნენ, და მთელი სოფელი მოდიოდა ჩვენთან ჩვენ კი ყველას ვუღიმოდით, ბალღურად, თითქოს მთელი სამყარო ჩვენს ეზოში ცხოვრობდა. ხშირად საძინებლიდანაც გამოვპარულვართ, ბებოს უჩუმრად — დედების სანახავად, რომლებიც ღამეს ფურნეში ატარებდნენ, ვთხოვდით, დაბრუნებულიყვნენ ოთახში, ჩვენთან, მაგრამ დედები იბრძოდნენ ცხოვრებისთვის, ბრძოლაზე, რომელზეც ჩვენ არაფერი ვიცოდით და არც არასდროს გველაპარაკებოდნენ ამაზე… ვწვები ახლა იმავე ლოგინში, სადაც ოდესღაც დედა იავნანასმიმღეროდა, ოთახში, სადაც სიცილისგანაც სუნთქვა გამჭირვებია, სადაც ცრემლიც უხვად ჩამომსვლია, სადაც პირველად ვთქვი ლოცვა, ძილის წინ, სადაც ბავშვობის სიზმრებს კედელზე ვწერდი, რომ დიდობაში გამხსენებოდა. უცნაურია თითქოს დრო გაჩერდა, და მაინც მიედინება სადღაც ბავშვობისგან ძალიაან შორს, ვდგავარ და ვფიქრობ: “ღმერთო, რა სულელი ვიყავი, როცა დიდობა მინდოდა” ისევ ლამაზია ჩემი სოფელი, ადამიანები ისევ ძველებურად მიღიმიან, ისევ სიყვარულით მეგებებიან, უკვე ზრდასრულ ადამიანში მაინც ისევ იმ პატარა ბავშვს ხედავენ, მაგრამ რაღაც აღარ არის ისე — ისე, როგორც ბავშვობას იყო. ზღაპარი იგივე დარჩა, მაგრამ ჩვენ იმ ბრძოლებმა ჩაგვითრიეს რაზეც ერთ დროს დედები იბრძოდნენ, ბავშვებმა კი არაფერი ვიცოდით, რომ ერთხელაც ჩვენ ბავშვობას დავასრულებდით, და ცხოვრების დინება ბრძოლისკენ მიგვითითებდა….
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი