*** (ფრთებს ვიკეცავ და...)


ფრთებს ვიკეცავ და ფრთხილად ზეცას
ვაშორებ სუნთქვას,
ახლა მიწასთან მაახლოებს,
მე ეს სურვული...
აყვავებულა სხეული და  შენ ვინ
დაგასწროს?!
აღერღილ მიწას გლეხის ხელის,
ასდის სურნელი.
ვხედავ ზაფხული მიმზერს კახპა
მარტის იერით,
შემორჩენია სიალქაჯე გაზაფხულისა,
უნდა დავპურდე, შორს ვერ წავალ
ასე მშიერი,
ჯერ შევცოდავ და მერე ვიტყვი
ლოცვას სულისა...
სხეულს მოედო ბედუინის
ცხელი სიშლეგე
და ყინულივით  აგრილებენ
შენი ხელები,
უაზრობაა, მოგონილი, ახლა 
სიმშვიდე,
მიწასთან ვარ და მეძახიან ზეცის
ფერები...
ირგვლივ ივლისის ხვატია და
მითელავს სუნთქვას,
მორცხვი სიწითლით , ცას ღრუბელმა
ახსნა კარები,
მაცადე სხეულს, ამ მინდორზე დავცემ
კარავად,
ჭერის საბჯენად შემაშველე 
შენი მკლავები...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი