ოპტიმისტური ლექსი
ვინმეს ჰგონია რომ დავმთავრდები, რომ მე სასრული ვარ?არ დაუშვათ! სენი შემეყარა გადამდები, ბუდაც მომელის და ზარატუშტრაც. დუღილს მიაღწია წამის ჭერამ ხვალის დღეებს თავი მოვაცილე, პულსი,მაჯა,დრომ ვერ გამიჩერა შემოვრჩი სიცოცხლის მონაწილე. ქარი კაბის ბოლოს შემოედო, გუშინ წერამ როცა ამიტანა, სიცოცხლე კოჭებზე შემომენთო და მე დავმთავრდები ამისთანა? არაა,არც იფიქროთ!მე სულ ვივლი მიწა ცვარიანზე ფეხშიშველა, ღვინონასვამიც თუ შევსურვილდი, მაინც უკვდავება მეღირსება. ცა რომ თავშალივით მოვიხურე მხრებზე შევიფერე სართავები, გრძნობის შადრევანი რომ იხუვლებს, როგორ დავიჯერო დავმთავრდები? არა,მე ჯერ უნდა ღამეს ვეხლო, უნდა მოვიარო სანახები, ზამთარს სითეთრე რომ დავესესხო ზაფხულს მოთიბული ბალახები. სიბერე ჩემში ვერ გაიშალა და ვერც შერყეული ჯანმრთელობა, უნდა დავამტკიცო სისხლის ძალა, უნდა შევიფერო ქართველობა. უნდა იმედებით სამუდამო ბრძოლა დავამთავრო წარმატებით, მეცხრე ცას სტუმრებად გავუხადო ჩემი სიყვარულის ბალადები. დილა დამიდგება დარიანი ძილზე დავთანხმდები ვარაუდად, კალთას მომახურებს მარიამი, ბუდაც გაწბილდება,ზარატუშტრაც. მერე ახალ ბილიკს დავუყვები იქაც ამიტაცებს ,,carpe diem,, ჟინი თან გამყვება განუყრელი, დაღლილ მიწაზე ვერ დავეტიე. დრომ მე სიცოცხლე ვერ წამიშალა ვისაც გზის ბოლო არ მაბადია, და მე დავმთავრდები ამისთანა? არაა,ჩემი ყოფა მარადია. /მერი პაპიძე /
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი