თუ საჭიროდ თვლი, გაითვალისწინე


წუთისოფლის გზა-სავალზე ადამიანის ყველაზე დიდი დანიშნულებაა ღმერთის არსებობის დაჯერება და მისდამი მორჩილების ნიშნად სიკეთის ქმნა. რაოდენ დასანანიც არ უნდა იყოს, უმეტესწილად ეშმაკისეული გზა უფრო მიმზიდველია ადამიანისთვის და ნაკლებად ფიქრობს სიკვდილზე, რომელიც ძილ-ღვიძილში მუდმივად თან სდევს. მაშინ ახსენდება ღმერთი, როცა შიშისგან შეპყრობილმა უძლურია სძლიოს მის წინ არსებულ ბუნების მოვლენებს თუ ცხოვრების დაუწერელ კანონებს.

ძალიან საინტერესოა, მაგრამ ღმერთის გარდა არავის არ შეუძლია ადამიანის გულის სიღრმეში ჩადუღაბებულ-ჩაკერებული მოვლენების ახსნა და შესწავლა. ერთი კი ნათელია, ნებისმიერი ადამიანი თავისი არსებობის ყანობილზე გარკვეულ მიმართულებებს თვითონ ანიჭებს უპირატესობას და ამით აზრს აძლევს თავის სიცოცხლეს.

ნახევარი საუკუნე ისტორიისთვის დიდ არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს. თითქმისდა, ზურგს მოკიდებულ ხურჯინს გამოცდილების ქვებით სავსეს დაატარებს.

სულ რაღაც სამი წელიწადი და ნახევარ საუკუნეს მივუკაკუნებ. მივუკაკუნებ-მეთქი, მაგრამ... ვაი და ვერ მოვესწრო ამ დროს? ეს, ხომ უფლის ნებაა?

სწორედ, რომ ამ ფიქრმა გადამაწყვეტინა დამეწერა ის, რაც 50 წლის ასაკში ვაპირებდი დაწერას. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ გამჩენმა თუ ინება 2020 წლისთვის ვიყო ცოცხალი და მექნება საღი აზროვნების უნარი, დაგროვილი გამოცდილებებიდან გამომდინარე, ახალ წერილს აუცილებლად დავწერ.

ჩემო შვილებო!

ძმებისა და დების შვილებო! 

ჩემო აღზრდილებო და აღსაზრდელებო!

ნაცნობო და უცნობო ახალგაზრდებო!

ჩემი წერილის უპირველესი მიზანი, თქვენდამი რჩევების მოცემაა, რაც საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე დამიგროვდა. 
ყველაზე უმთავრესი, რაც ადამიანის ცხოვრებას აკეთილშობილებს, ალამაზებს და აზრს მმატებს, საკუთარი თავის პოვნა და შეცნობაა. თუმცა, ეს სულაც არ არის ადვილი და უდიდეს ძალიხმევას მოითხოვს, მაგრამ არც შეუძლებელია. ჩემი მცირე გამოცდილებიდან გეტყოდით:

1. იყავი ღვთის მოშიში და მოყვარული - ადამიანებად არ იბადებიან, ადამიანებად ყალიბდებიან. წარმოუდგენელია ადამიანობა რწმენის გარეშე. გწამდეს, რომ ღმერთმა მოგცა ნიჭი, უნარი და მის გარეშე არაფერი არ ხარ. ყოველ ნაბიჯზე იყავი უფლის სამსახურში და ილოცე მისთვის.

2. პატივი ეცი და გიყვარდეს შენი მშობლები - არასოდეს არ აიმაღლო ხმა მშობლების წინაშე. უფლის შემდეგ ყველაზე დიდი პატივისცემა მშობლებს ეკუთვნით, რადგან მათ მოგავლინეს ამქვეყანაზე და იზრუნეს შენი გაზრდისთვის.

3. იყავი ზრდილი და პატიოსანი - ღმერთს ყველაზე მეტად თავმდაბალი, ზრდილი და პატიოსანი ადამიანები უყვარს. უცოდველი არავინ არ ვართ. შეიძლება, მოგივიდეს გაუაზრებელი შეცდომა, მაგრამ აღიარების არ უნდა შეგრცხვეს. პატიებას ითხოვენ და ბოდიშს იხდიან ღირსეული ადამიანები და ისინი საზოგადოებაშიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ.

4. იყავი სილამაზისა და ჯანმრთელობის სამსახურში - ლამაზი გარეგნობა წარმატების ნახევარია. კოსმეტიკური საშუალებები და ქირურგიული ჩარევები, სილამაზის მხოლოდ ნაწილია. მთავარია სულის სილამაზე, რადგან ის ფიზიკურზე ბევრად მაღლა დგას. საკუთარი ფიზიკური და გონებრივი კეთილდღეობა, ჯანმრთელობას მოაქვს. აუცილებელია თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე თავის მოვლა, სწორად კვება, ყოველდღიური ვარჯიში და დროზე დაძინება.

5. იმეგობრე და ითანამშრომლე წარმატებულ ადამიანებთან - არ იფიქრო, რომ წარმატებული ადამიანები მხოლოდ სწავლულნი და განათლებული ადამიანები არიან. სულაც არა. წარმატებულია ადამიანი, ვინც აზროვნებს საღად და უყვარს თავისი საქმე. სწორედ ასეთ ადამიანებს ძალუძთ წმინდა ღირებულებების ფასად მეგობრობა და თანამშრომლობა.

6. არასოდეს დაკმაყოფილდე მიღწეულით - იყავი მუდმივად მიზანდასახული და მებრძოლი. არასოდეს მოდუნდე. როცა მიღწეულით კმაყოფილდები, ეს ნიშნავს იმას, რომ შენი შესაძლებლობის პიკს მიაღწიე და უძლური ხარ ახალი საქმის კეთების გზაზე.

7. შეუჩერებლად იბრძოლე შენი მიზნებისთვის - სანამ დასახული მიზნების დასაძლევად ბრძოლას დაიწყებ, უპირველესად გააცნობიერე ზღვარი შენი შესაძლებლობისა. არ შეგაშინოს პასუხისმგებლობამ და ამის გამო ბრძოლაში უკან არასოდეს დაიხიო.

8. არ დაჩაგრო და არ დაეჩაგრო - ივარჯიშე ჯანმრთელობის გასაკაჟებლად და სულიერი მხნეობის ჩამოსაყალიბებლად. უნდა შეგეძლოს თავის დაცვა, მაგრამ არასოდეს გამოიყენო შენი ფიზიკური შესაძლებლობა ბოროტად და სუსტი არ დაჩაგრო. იყავი დამთმობი, მაგრამ არავის მისცე შენი დაჩაგვრის უფლება და არასოდეს მიატოვო საფრთხეში მყოფი ადამიანი იმ გაგებით, რომ ეს ჩემი საქმე არ არის. შენი დახმარება თუ მას საფრთხეს თავს ააცილებს, აუცილებლად დაეხმარე.

9. აკეთე სიკეთე - არსებობს ასეთი იგავი: „ერთხელ, ერთმა მდიდარმა და თავგასულმა მასხრად აიგდო მასთან პურის სათხოვრად მისული ღატაკი და პურის ნაცვლად იქვე მდგარი ნაგვით სავსე ურნა მისცა... ღატაკმაც, ისე რომ არაფერი უთქვამს, გამოართვა და წავიდა... მერე გამოასუფთავა ურნა, გარეცხა, შიგ მინდორში დაკრეფილი ულამაზესი ყვავილები ჩააწყო და მდიდარს მიუტანა. მდიდარმა და თავგასულმა გაოცებით ჰკითხა: მე ნაგავი მოგეცი და შენ ყვავილებს რატომ მაძლევო? 
ღატაკმა უპასუხა: ყველა იმას გასცემს რაც გააჩნიაო.“
გაეცი სიკეთე და სამაგიერო არასოდეს მოიკითხო. გწამდეს, რომ შენს მიერ გაღებული მცირედი სიკეთეც კი, ფუჭად არასოდეს ჩაივლის.

10. ისწავლე შეცდომებზე- რა თქმა უნდა, გუშინდელი დღე წარსულია, მაგრამ ის ხომ ამავდროულად დღევანდელი დღის დასაწყისიცაა. ამიტომაც, წარსულში მომხდარი ყველა ფაქტი გაკვეთილად მიიღე, შეცდომების ანალიზი გააკეთე და მსგავსი შეცდომები აღარასოდეს დაუშვა.

11. თამამად გამოთქვი შენი აზრი და იყავი თავისუფალი - მნიშვნელობა არ აქვს, რაიმეს მიმართ უარყოფითი აზრი გაგაჩნია თუ დადებითი, არ მიეჩვიო მონურ დუმილს და თამამად გამოთქვი შენი აზრი, თუნდაც ეს ოჯახის წევრს, მეგობარს ან სიყვარულს ეხებოდეს. ვისაც შენი აზრი აინტერესებს- გაგიგებს, ვისაც არა- მის წყენასაც არ მოერიდო.
თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფრის უფლება გაქვს. არსებობს ცხოვრებისეული ჩარჩო, რომელსაც არ უნდა გადააბიჯო და ეს ჩარჩო არის კანონის პატივისცემა და ღმერთის სიყვარული.

12. დაიჩოქებ, მაგრამ არ დანებდე - ცხოვრებას მწარე დღეებიც ახლავს, რაც გულს გატკენს და ცრემლის ზღვაში გაბანავებს. მაგრამ არ შეშინდე და დინებას არ გაყვე. თუ დაცემის ფასი ვერ ისწავლე, მყარად ფეხზე ვერასოდეს დადგები. ცხოვრება ბრძოლაა და თუ არ იბრძოლებ, გაქრები თვალთახედვის არეალიდან. გახსოვდეს: როდესაც ერთი კარი იხურება ადამიანის ცხოვრებაში,მეორე აუცილებლად იღება.

13. სიტყვა საქმიანი და საქმე სიტყვიანი - სიტყვის გატეხვას, სიკვდილი გიჯობდეს. სიტყვა საქმით ფასდება. ზოგჯერ, უგუნურად და გაუაზრებლად ნათქვამ სიტყვას, უმძიმესი შედეგი მოაქვს. ტყუილად კი არ არის ნათქვამი: „ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო“. სანამ სიტყვას ამოუშვებ პირიდან, ჯერ გონებაში გადახარშე.

14. ყველას მაგიდას ნუ გაუშლი და ყველასთან პურს ნუ შეჭამ - ყველა ადამიანი სახლში შესაშვები არ არის. არასოდეს დაამსგავსო სახლის კარი „კანტორის“ ჭიშკარს. არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლებსაც კრავის მალული მზერა აქვთ და სინამდვილეში, სული აქვთ ავხორცისა. იყავი თავდაჯერებული და გონივრულად მართე საკუთარი ემოციები. შენი სიძლიერე, შენი შინაგანი სისუტის დამარცხებაში მდგომარეობს.

15. გიყვარდეს ოჯახი - გიყვარდეს მოყვასი და იყავი სტუმართმოყვარე. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოჯახს მოაკლო „პური არსებობისა.“ რადგან ოჯახს შენ ქმნი და აშენებ, ყველაზე დიდი ზრუნვა და სიყვარულიც მას მოახმარე.

P.S. შეიძლება მავანმა ისიც თქვას: „რომელი ბრძენი შენ მყავხარ, რომ თქვენს რჩევებს მოუსმინოო“ და ერთის მხრივ, მართალიც იქნება, რადგან არ ვარ ბრძენი. მაგრამ ცხოვრება, ხომ ყველაზე დიდი მასწავლებელია, ვისი შეგირდებიც ვართ თითოეული ჩვენგანი და მისგან მიღებულ ტკბილ-მწარე გაკვეთილებში იჭედება სიბრძნე.

მიხეილ ჯაყელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი