ივერია გაბრწყინდება
მე, ყოველ დილით გავუღიმებ დედა-ბუნებას, დაღლილ მუხლებით ვიჩოქები უფლის ლოცვაში! მძინარე შვილებს გადავხედავ მხნედ და ამაყად, სიცოცხლეს ვიწყებ საქართველოს წმინდა სუნთქვაში. სრულად, უკლებლივ უკუვაგდებ ჩემს ყველა ეჭვებს, ქუჩაში გავალ შერეული გრძნობით დაღლილი, ნელი ნაბიჯით გავუყვები გზის ვიწრო ბილიკს, ფიქრს მიადვილებს კაშკაშა მზე სულში ჩაღვრილი. დიდგორის ველზე შევისვენებ გადაქანცული, დამსკდარ ტუჩებით ცვრიან მიწას ვეამბორები. რწმენას შემმატებს მეფეთ-მეფე დიდი დავითი, ივერთ ქვეყანას დავლოცავ და ვეთაყვანები. საქართველოსთვის თავდადებულ გმირებს დიდება, მწამს, ქართვლის დედა ისევ გაზრდის დავითს და თამარს. ჩემი სამშობლო მზის ქვეშეთში კვლავ გაბრწყინდება, დედამიწაზე სიტყვას იტყვის ძლიერს და მთავარს. მიხეილ ჯაყელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი