ისმინე ჩემი ვედრება
ძილის წინ, სამყაროს გამჩენს, ლოცვა - დიდებით ვბარდები. ვთხოვ: გაღვიძება მაღირსოს, გახსნას სიკვდილის ფარდები. ალიონის დანახვაზე, ღმერთის წინ მუხლებზე ვდგები. ამქვეყნად ადამთა მოდგმის, სიძლიერეს ვევედრები. ღმერთო, არასდროს აღარ ქმნა სიკვდილი ახალგაზრდისა. იკმარე, რაც დღეს არსებობს, ცრემლის ზღვა, შვილმკვდარ დედისა. დავრდომილს მიეც ნუგეში, დღე მზიანი და ნათელი. განკურნე ყველა სნეული, მუდამ ამყოფე ჯანმრთელი. მოსპე შური და ღალატი, ომი და უბედურება. ობლად არავინ დატოვო, ამეფე ბედნიერება. ვიცი, ჩემსავით სხვა ბევრიც მთხოვნელი, რომ გეყოლება. ისმინე უზენაესო, ყველას ლოცვა და ვედრება. მიხეილ ჯაყელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი