მენატრება


(ეს ლექსი ჩემი მშობლიური სოფლის- აგარის მონატრებამ დამაწერინა 
და ამ სიყვარულს დღეს წალკიდან ვუგზავნი)

ჩემი სახლი და ჩემი სოფელი,
კლიტიას სერზე - მსხლის ხე მაღალი.
მელაურაში - ბურთის თამაში,
აბანოხევში - ტბაში ბანავი.

საყდართან ახლოს "ჯოხ-ბილას" გარტყმა,
ვარცხლას წყაროსთან - გულაღმა წოლა.
აღმა-თავდაღმა შეუჩერებლივ -
"გოგროჭინებით" შეჯიბრი, რბოლა.

ნაძვების ძირში სტარტის აღება,
გვერდასერისკენ ციგით სრიალი.
შუამთობაზე ცხენით ჯირითი,
ღამით კოცონთან ლხინი, გრიალი.

სკოლის ეზოში გოგო-ბიჭების,
ჟივილ-ხივილი, მალული მზერა.
ნაკაფისერზე ოფლში გაწუწულს,
გაღმა-გამოღმა გახედვა, ცქერა.

ჯვართნის ციხეზე  ქონგურთან  დგომა,
მწარე წარსულში მოგზაურობა.
კეცში ჩაკრული მჭადის კვერები
და "მენდან ოდის" სრულყოფილობა.

ხარზე გაძღოლა, ხნულში ჩადგომა,
ბაბუს ნარგავი ხეხილის მოვლა.
მთაში მიმავალს ჭოლოს წყაროზე 
შესვენება და წყურვილის მოკვლა.

ვდგავარ თუ ვწევვარ, მღვიძავს თუ მძინავს,
ამ მონატრებით ვცოცხლობ, ვსულდგმულობ.
ხულოელი ვარ, ფესვებმაგარი,
და აგარლობით მუდამ ვდიდგულობ!

მიხეილ ჯაყელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი