"ტანო-ტატანო", ქალო წარმტაცო!
თავსხმა წვიმამ დამიმძიმა მხრები, მონატრებამ ამირია გზები. მწუხარებამ დამიჯიღვა გული, დამჭკნარ სხეულს ვეღარ მართავს სული. სულგარინდულს უშენობა მტკივა, სხივად ნამყოფს უცნაურად მცივა. ირგვლივ თითქოს ყველაფერი გაქრა, კაშკაშა მზე ცის ფერებში ჩაქრა. მწუხარე მონას დამცინის ყველა, რას იზამ, ზოგჯერ ნათელშიც ბნელა! წინ მიდგას ფარად მდუღარე ცრემლი, თვალზე ნადენი ალალი, წრფელი. ვიტანჯები და შველას მოველი, ნუთუ, ამაო არის ყოველი. "ტანო-ტატანო", ქალო წარმტაცო! გგონია დაგთმობ? ცდები ძვირფასო. ლამაზ თვალებში ზღვად ჩაგეღვრები, ჩუხჩუხა ვნებით გულს ჩაგეკვრები. სულში ვარდებად ჩაგეფინები და სამუდამოდ ჩემი გახდები. მიხეილ ჯაყელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი