ყრმობიდან ასე მოვდივარ


ნიღაბს არასდროს ვიკეთებ,
ვინცა ვარ, ის ვარ ბოლომდე.
არც გარდასახულ მანტიით,
მივლია კიდით-კიდემდე.

არავის შიშით სკამის ქვეშ
მძრომალე ჭიად ვქცეულვარ.
ვინმეს „ჩაშვებით“ მეხარა?-
ამ დონით არ დავცემულვარ.

არც სხვისი საქმე ყოფილა
ჩემი მოკითხვის საგანი.
ვემსახურები ქვეყანას,
ერთგულად გამაქვს ჭაპანი.

არას მადარდებს ქუჩაში,
მაწანწალ ძაღლთა ყეფანი.
იმ ხალხს ვცემ პატივს, ვინც არის
ალალი, სამართლიანი.

ქალში - დედის სულს ვაფასებ,
ბავშვში - სპეტაკ სიყვარულს.
მოხუცის გონიერებას,
ახალგაზრდობის სიხარულს.

ვაღმერთებ ქალის და კაცის
ოჯახში ერთსულოვნებას.
სტუმარს ღვთის კაცად მივიჩნევ,
ვადიდებ გვარიშვილობას.

მოკრძალებული დავდივარ,
სამსახურში თუ ქუჩაში.
უბრალო კაცის სახელით, 
მიცნობენ მე ჩემს უბანში.

ვერ ვიტან ადამიანებს,
სიცრუეში,  რომ ცხოვრობენ.
პირისპირ გიერთგულებენ,
ზურგს უკან მახეს გიგებენ. 

ქველმოქმედების რა გითხრათ,
სხვები გვყავს შემფასებელი.
ღმერთის წინაშე ვლოცულობ,
ის არის დამფასებელი.

ყრმობიდან ასე მოვდივარ,
ასე გამზარდეს მშობლებმა.
თუ შევიცვალე როდესმე,
მიწყინოს დიდმა გამჩენმა.


	მიხეილ ჯაყელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი