მამავ, მიწის ფერი გადევს


მამაჩემო - თოვლის ფერო,
                            დედაჩემო - ფერო მიწის...

                                            ტ. ხარხელაური


მამავ, მიწის ფერი გადევს,
მამავ, გადევს მიწა...

ერთი-ორი ფიცარით და
ერთი-ორი მეტრით -
ქვევით  ხარ და
ნაცრისფერ თვალს,
ალბათ გიჭამს მახრა,
ალბათ კანიც გაგიშავდა,
ალბათ კიდეც გახდი.

მამავ, მიწის ფერი გადევს,
მამავ, გადევს მიწა...

მუხის ხესთან ხომ დაგმარხე,
შემოდგომით ფოთლებს
ქარი დამცხრალ მკერდზე გაყრის,
ქარი გაფენს საბანს -
ეხლა მალე თოვლი მოვა,
მოვა, მალე თოვლი.

მამავ, მიწის ფერი გადევს,
მამავ, გადევს მიწა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი