წერილი ელისს (ნატვრის ხე)
ერთი შეხედვით - სისულელეა, ხეზე სურვილები ჩამოახრჩო და ასრულების იმედი გქონდეს... ეს გონჯი ხეა ჩემი ნატვრის ხე, დაბალი და განში გასული თითქოს ჩემს ოცნებებს დაუმძიმებიათ, დაუჩაგრავთ, ხელი შეუშლიათ ტანის აყრაში, ალვობაში. ჩემი ნატვრის ხე - ეს გონჯი ხეა. არც ფოთლები აქვს, არც გახუნებული ნაჭრები უმშვენებს ტოტებს. შიშველი დგას და ალაგ-ალაგ ჩემი სული ჰკიდია, ჩემი თითები ჰკიდია, დგას და იძახის: ისუნთქე, ისუნთქე, ისუნთქე... გსუნთქავ შემხმარ ტოტებს შორის. "ალიხე, მალიხე, სალიხე..." ნეკა თითებს შენი ღიმილი შევუთქვი და სულ ქვედა ტოტზე დავკიდე (პირველი ეგ იქნება) ბერა თითები - შენი მკლავებია, საჩვენებელი - მე მათში, შუა - სიჩუმე და გარშემო მთები, არათითები - ერთი მომცრო კარავი, მილიონი ვარსკვლავი ცაზე და ღამე. ეს გონჯი ხეა ჩემი ნატვრის ხე შიშველი დგას და სურვილებს მითვლის...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი