მზე აბია


I

შენ ჩემი ცა ხარ, ჩემი ზეცა
და ქვევით მე ვარ,
ვსუნთქავ და მითვლი გულისცემას,
ამბობ - ”ჩქარია”,
მე გახებ ტუჩებს, ტუჩებს გახებ
და ისე ვღელავ, როგორც პირველად

II

პირველად კი იყო გაცნობა,
ვწონიდით სიტყვებს, ვფრთხილობდით და
მძიმედ, აღმართზე,
რა უნდა იყოს უკეთესი თუ არ ავსება
ფილტვების შენით,
ჰო, შენით და

III

ცაზე საბელით,
მზე აბია, გესმის აბია?
ქუჩა გრძნობების
გამტარია,
შენსკენ - ჩემიდან.
მე ვიღიმები, შენც ღიმილი გიდგას თვალებში...
ჰოდა ადექი, გაიფიქრე,
შემდეგ გაბედე

IV

მითხრა, რომ სადღაც,
რამდენიმე წელის გადაღმა
ჩვენ ვჩხუბობთ,
დიახ ვჩხუბობთ,
შვილის სახელის
შერჩევისას...
და მე, შენ გკოცნი -
უსიტყვებოდ, უხმოდ,
გაბუტულს.

შენ ისევ ისე,
ყელთან გიყვარს სევდის ჩამარხვა...

V

შენ ჩემი ცა ხარ,
მზე აბია, ცაზე საბელით...

ღამე კი ისე,
ისე ძლიერ დაპატარავდა,
რომ ზედ დაიტევს
ჩვენი შვილის ხელისგულები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი