ანბანთსალამი


ანბანთსალამი
გამარჯობა! მე ,,ანი“ ვარ. მე, რომ არა ამირანი ვერ ეყოლებოდა დარაჯად კავკასიონს, საუკუნეების მანძილზე და ვერ შეიქმნებოდა ლეგენდარული ეპოსი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. არც აკაკი წერეთელი ეყოლებოდა, საქართველოს უდიდესი მგოსანი და პოეტი, დიდი ილიას თანამოაზრე და თანამედროვე.
 გამარჯობა! მე ,,ბანი“ ვარ. მე, რომ არა საქართველოს არ ეყოლებოდა ბერი თევდორე, რომელმაც საკუთარ სიცოცხლეს, სამშობლოს ერთგულება არჩია. 
გამარჯობა! მე ,,განი“ ვარ. მე, რომ არა საქართველოს არ ეყოლებოდა გორგასალი, ვინც ყიზილბაშებს თავზარს სცემდა, თუმცა  სწორედ ერთგულთა ღალატმა იმსხვერპლა.
 გამარჯობა! მე ,,დონი“ ვარ. მე, რომ არა საქართველოს არ ეყოლებოდა დიდი დავით აღმაშენებელი, რომელმაც საქართველო უდიდეს იმპერიად აქცია და გააერთიანა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე.
გამარჯობა! მე ,,ენი“ ვარ. მე, რომ არა საქართველოს არ ეყოლებოდა წმინდა ექვთიმე, საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი, რომელმაც ქართულ საგანძურს სიცივისა და შიმშილის მიუხედავად არ უღალატა. არც მრავალ ომგადახდილი ერეკლე მეფე-პატარა კახი ეყოლებოდა, 78 ნაიარევით, ბებერ სხეულზე.
გამარჯობა! მე ,,ვანი“ ვარ. მე, რომ არა საქართველოს არ ეყოლებოდა ვაჟა ფშაველა, ჩვენი ბუნების დიდი რაინდი, რომელმაც ია, შვლის ნუკრი და ხმელი წიფელი ადამიანურ ენაზე აამეტყველა.
 გამარჯობა! მე ,,ზანი“ ვარ. მე, რომ არა საქართველოს არ ეყოლებოდა დიდი ზვიად გამსახურდია, რომელმაც საქართველოს თავისუფლებისთვის საკუთარი სიცოცხლე გაიღო. არც ზარზმა იქნებოდა თავისი დიდებულებით.
 გამარჯობა! მე ,,თანი“ ვარ. მე, რომ არა საქართველოს არ ეყოლებოდა დიდი თამარ დედოფალი. შემოქმედი საქართველოს დიდების და გაბრწყინებისა.
 გამარჯობა! მე ,,ინი“ ვარ. მე, რომ არა საქართველოს არ ეყოლებოდა დიდი ილია ჭავჭავაძე, ერის მამად წოდებული. არც ილია II -საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეყოლებოდა, ერის საჭეთმპყრობელი, ცოცხალი ლეგენდა.
 გამარჯობა! მე ,,კანი“ ვარ. მე, რომ არა საქართველოს არ ეყოლებოდა დიდი კონსტანტინე გამსახურდია და ვერ დაიწერებოდა გენიალური ,,დიდოსტატის მარჯვენა“. არც კოტე აფხაზი ეყოლებოდა, თავისი შეუდრეკელი სულით და ვაჟკაცობით.
 გამარჯობა! მე ,,ლანი“ ვარ. მე, რომ არა საქართველოს არ ეყოლებოდა ლევან სანიკიძე-საქართველოს ისტორიის მხატვრული მემატიანე. არც ლევან გოთუა ეყოლებოდა, საქართველოს კულტურული ძეგლების დამცველი და გულშემატკივარი, მწერალი.
 გამარჯობა! მე ,,მანი“ ვარ. მე, რომ არა საქართველოს არ ეყოლებოდა მუხრან მაჭავარიანი და მურმან ლებანიძე, რაც დიდი დანაკლისი იქნებოდა ქართული მწერლობისთვის. არ იქნებოდა დიდი მერაბ კოსტავა, თავისუფლებისთვის მებრძოლი და შეუდრეკელი რაინდი, რომელიც კარცერშიც კი არ გატყდა და მაშინ, როცა ყველას მკვდარი ეგონა ფენიქსივით აღდგა!.
 გამარჯობა! მე ,,ონი“ ვარ. მე, რომ არა საქართველოს არ ეყოლებოდა ოთარ მეღვინეთუხუცესი, ქართული კინოს ლეგენდა, ვინც ,,დათა თუთაშხიას“ უკვდავი სახე და უამრავი სხვა, დასამახსოვრებელი კინოროლი შექმნა.
 გამარჯობა! მე ,,პანი“ ვარ. მე, რომ არა საქართველოს არ ეყოლებოდა პავლე ინგოროყვა ქართველი ფილოლოგი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი. არც პეტრე მელიქიშვილი ეყოლებოდა, ქართული უნივერსიტეტის სულის ჩამდგმელი და ერთ-ერთი დამფუძნებელი. არც პაოლო იაშვილი ეყოლებოდა, კაცი, რომელმაც სინდისზე ღალატს, სიკვდილი არჩია.
 გამარჯობა! მე ,,ჟანი“ ვარ. მე, რომ არა საქართველოს არ ეყოლებოდა ჟორა (გიორგი) შავგულიძე და ვერ შექმნიდა დაუვიწყარ როლებს, როგორც ქართულ თეატრში, ასევე კინოში.
 გამარჯობა! მე ,,რანი“ ვარ. მე, რომ არა საქართველოს არ ეყოლებოდა რუსთაველი და მსოფლიო პოეზიას დააკლდებოდა ,,ვეფხისტაყოასანი“-ს გენიალურობა.
 გამარჯობა! მე ,,სანი“ ვარ. მე, რომ არა საქართველოს არ ეყოლებოდა სოლომონ დოდაშვილი, ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ლოგიკის ქართული მეცნიერული სკოლის დამფუძნებელი. ავტორი მრავალი გავლენიანი სამეცნიერო შრომისა ლოგიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის ისტორიის სფეროებში. არც სააკაძე იქნებოდა. კაცი, რომელმაც საშობლოსთვის ყველაზე ძვირფასი-შვილი გაიღო მსხვერპლად.  არც ,,სიყვარული“ არ იქნებოდა, დედამიწის ზებუნებრივი მამოძრავებელი.
 გამარჯობა! მე ,,ტანი“ ვარ. მე რომ არა საქართველოს არ ეყოლებოდა ტიციან ტაბიძე, ტარიელ ხერხელაური, ტრისტან სარალიძე და ქართული კულტურა ძალიან ბევრს დაკარგავდა.
 გამარჯობა! მე ,,უნი“ ვარ. მე რომ არა საქართველოს არ ეყოლებოდა დიდი მხატვარი უჩა ჯაფარიძე და ვერც ,,დიდოსტატის მარჯვენა“-ში ვერ იქნებოდა უტა არსაკიძე.
 გამარჯობა! მე ,,ფანი“ ვარ. მე რომ არა საქართველოს არ ეყოლებოდა გენიალური ფიროსმანი, რომელიც ჭიქა არაყის სანაცვლოდ შედევრებს ქმნიდა, ისე რომ არ იცოდა.
 გამარჯობა! მე ,,ქანი“ ვარ. მე რომ არა საქართველოს არ ეყოლებოდა ქეთევან წამებული. ნამდვილი ხატება, ქრისტიანობისთვის თავგანწირული ქალისა.
 გამარჯობა! მე ,,ღანი“ ვარ. მე რომ არა ქართულ კინოფონდს ვერ შეემატებოდა ,,ღვინის ქურდები“, თავისი განუმეორებელი ელიბოთი და მეგობრებით.
 გამარჯობა! მე ,,ყანი“ ვარ. მე რომ არა პოლიკარპე კაკაბაძე ვერ დაწერდა პოლიტიკურ სატირა-,,ყვარყვარე თუთაბერს“.
 გამარჯობა! მე ,,შანი“ ვარ. მე რომ არა საქართველოს არ ეყოლებოდა შალვა ახალციხელი. XII-XIII საუკუნეების საქართველოს სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი.
 გამარჯობა! მე ,,ჩანი“ ვარ. მე რომ არა საქართველოს არ ექნებოდა ქართული ჩანგი, რომელიც ,,სიმართლეს უნდა მსახურებდეს“ (აკაკი).
 გამარჯობა! მე ,,ცანი“ ვარ. მე რომ არა საქართველოს არ ექნებოდა ცეკვა ,,ქართული“, რაც ჩვენი ეროვნული ფოლკლორის სავიზიტო ბარათია.
 გამარჯობა! მე ,,ძანი“ ვარ. მე რომ არა არ იქნებოდა სიტყვა ,,ძირძველი“, რაც ზუსტად ასახავს ჩვენი ერის ისტორიულობას და იდენტობას..
 გამარჯობა! მე ,,წანი“ ვარ. მე რომ არა არ იქნებოდა სიტყვა ,,წარსული“, რაიდანაც მოვდივართ და რაც ჩვენს მომავალს განსაზღვრავს.
 გამარჯობა! მე ,,ჭანი“ ვარ. მე რომ არა ქართულში ვერ დამკვიდრდებოდა უდიდესი შინაარსის დამტევი გამოთქმა-,,ჭირიმე შენი!“, რაც ფაქტიურად მეგობრისთვის თავგანწირვის აღმნიშვნელია.
 გამარჯობა! მე ,,ხანი“ ვარ. მე რომ არა გრიგოლ ხანძთელი ვერ ააგებდა დიდებულ ხანძთას, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში. 
 გამარჯობა! მე ,,ჯანი“ ვარ. მე რომ არა საქართველოს არ ეყოლებოდა, ქართველი ჟურნალისტი, კომენტატორი, სპორტსმენი, თბილისის საპატიო მოქალაქე, სპორტის დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის თავმჯდომარე ჯამლეტ ხუხაშვილი.
 გამარჯობა! მე ,,ჰაე“ ვარ. მე რომ არა საქართველოს არ ეყოლებოდა  მომღერალი (ტენორი), სახალხო მოლექსე, მასწავლებელი, ქართველთა მიერ „საქართველოს ხმად“ აღიარებული. საქართველოს სახალხო არტისტი- ჰამლეტ გონაშვილი.
 და ბოლოს, გამარჯობა! მე ქართული ანბანი გახლავართ, ვინც საუკუნეები ვემსახურე ქართველ ერს და ერთი წუთითაც არ მიღალატია. ზემოთ ვინც გესალმებოდათ, ყველა ჩემი შვილებია და მათაც მხოლოდ ერთგულება ამოძრავებთ. ბევრჯერ მოინდომეს ჩემი ამოძირკვა, ბარბარიზმებით დამახინჯება, მაგრამ მე ისევ მედგრად ვდგავარ და ქართული ენისა და ერის ერთგულად ვრჩები. ადრე უფრო მეტი შვილები მყავდა, მაგრამ ჟამთა სიავემ შეიწირა ისინი. ზოგჯერ, პროგრესი და განვითარება საკუთარ ,,მსხვერპლს“ მოითხოვს.
 პატივისცემით, თქვენი მონა მორჩილი- ქართული ანბანი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი