ფიცი
შენი სახელის ფიცთან გავავლე ურღვევი ზღვარი ჩემი სინდისის, გარს შემოვავლე ციხე-სიმაგრე ერთგულების და სულის სიწმინდის. შენთან, რომ დადის დღისით თუ ღამით, ჩემი ოცნება, ჩემი ფიქრია. ყველანი ბოლოს გარდავიცვლებით ნუთუ ამაზე არ გვიფიქრია?! არ გვეშინია გრიგალის მოსვლის, რომ გაგვიტაცებს სადღაც დროებით, ჩვენ პეპელა ვართ ამ წუთისოფლის, დავფრენთ და ვტკბებით ამაოებით. რომ ,,დაპარპაშობ" ჩემს სამყაროში, ყველა ფიქრსა და დარდზე ბატონობ, გეკითხა მაინც თუ გაქვს უფლება, რომ ჩემს სამყაროს დაეპატრონო. რთული ყოფილა ბედთან ჭიდილი, სული ვერ დასთმობს მისეულ ნაწილს, ისე ნაზია შენი ღიმილი, ბედნიერება ტუჩებზე გაწვიმს. ოჰ ღმერთო ჩემო! რარიგ დიდია შენსგან ნათქვამი სიტყვების ფასი, ჩემში შენა ხარ ის იდილია, რომელიც არის სუნთქვის ტოლფასი. ჩემთვის სამყაროს შენი ფერი აქვს, შენი სურნელი ასდის ყვავილებს მე კი ვდარაჯობ მცველად გარშემო, რომ მივეგებო ვარდით მაისებს. შენი სახელის ფიცთან გავავლე ურღვევი ზღვარი ჩემი სინდისის, გარს შემოვარტყი ციხე-სიმაგრე ერთგულების და სულის სიწმინდის!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი