შემოდგომა
ნაირფერადი ფოთლები, ციდან აუჩქარებლად ცვივა მიწაზე. მონაგონია მათ შეხებასთან, წუთისოფელში ყველა სინაზე. ოქროსფრად ელავს, ვაზის მტევნები დაბრუნებიათ ქვევრებს ხალისი, ელოდებიან დაშაქრულ სტუმარს, რომ ჩაიხუტონ გულში ხალისით. შენი ტუჩების სურნელი ასდის, გაჯანდრულ ქვაბში, მდუღარე ბადაგს, როცა არა ხარ, როცა ვერ გხედავ, ვგავარ ფერებში დაკარგულ გამას. ბებო, თხილის გულს, გასანთლულ ძაფზე, მთრთოლვარე ხელით და მაინც აბამს. ყველა ნაოჭი დაღარულ შუბლზე, ჩუმად გვიამბობს საკუთარ ამბავს. ყველა მოწყვეტილ ფოთოლს თან ახლავს, სევდა ბავშვობის, კარგი დროების, ახლა სიბერემ და სიყმაწვილემ, უნდა გაცვალონ მათი როლები. ასეა ჩვენი წუთისოფელი,.... ვიზრდებით, ვცოცხლობთ და ,,რიგში ვდგავართ“. დრო-ჟამის ხელი, ცხოვრების ბოლოს, გვამსგავსებს ჭერში გარენდილ ყავარს. ვფიქრობ, რა ვუყო ჩვენს შემოდგომას, დაღლილ ჭაღარას, თმებში ჩაქსოვილს. რით გადავყარო ღრუბლები ,,ცაზე“, რით დავამსგავსო ზამთარი-აპრილს. ჩვენს შემოდგომას მივსტირი, თორემ ხომ ისევ მოვა ეს გაზაფხული? არ მინდა სულში მალე ჩასახლდეს, ,,რთველის“ ნოტები ფერდაკარგული. მინდა, რომ მუდამ გაზაფხულობდეს, შენში, მთრთოლვარე, გრძნობები წმინდა. წლის ყველა დროში,-შემოდგომაზეც, შენ იყო კარგად, მხოლოდ ეს მინდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი