წისქვილი


დათოვლილი ბილიკები, ნაკადული ანკარა
                          ტყეში შაშვი მგალობელი, მობუზული ბეღურა,
                          გაშიშვლებულ წიფლის ხეებს
                          თოვლი საბნად ეხურა.
                          მეგობარიც ჩემთან იყო,
                          ჩემი ცუგა ფეხმარდი
                          ჩემი ფეხის ნაკვალევს კი...
                          წისქვილისკენ მივყავდი.
                          ნაბიჯები მქონდა ჩუმი, მოკრძალებულ-ქურდული
                          მიველ ჩუმად გადავსწიე საუკუნის ურდული.
                          არ მინდოდა შეწუხება ნაჯაფარი დოლაბის,
                          სულ ცოტა ხნით დაისვენა ჩემსა გამოჩენამდის.
                          მორიდებით ჩავაცალე ოქროსფერი მარცვლები,
                          დაბზრიალდა, აგუგუნდა, ისევ ბევრის მნახველი,
                          ირგვლივ სუნი ტრიალებდა, 
                          დათოვლილი ძახველის.
                          ეჰ! რამდენი ვინმე ახსოვს
                         ამ მოფიცრულ ოდა-სახლს,
                         რამდენ რამეს მოგიყვებათ,
                         მოგირთავს და მოკაზმავს.
                         გაუხარდა ჩემი მისვლა, გამოცოცხლდა ისევ
                         ყური მიგდე ჩემო შვილო, როგორც მშობელს ისე.
                         მინდა ამბავი მოგიყვე სარეკელას ენით,
                         დრო ცოტა გვაქვს მოსაყოლად, ამბავი კი ბევრი:
                        ,,როცა სულთანი კრძალავდა წირვა-ლოცვას ქართულს,
                        როცა სულში გვაფურთხებდნენ, გვიგინებდნენ წარსულს,
                        მაშინ, შენი დიდი ნენეი
                        ჯვარს ქარგავდა ქართულს.
                        ჩუმად, ღამით, ნაღვერდალზე დაანთებდა ბუხარს,
                        შვილიშვილებს განიშნებდათ, იყავითო ჩუმად.
                        ჩემს დაფქვეულ ოქროს მარცვლებს გააკრავდა კეცზე,
                        გამომცხვარი მჭადის გულზე ილოცებდა ღმერთზე.
                        ასე იყო, ძნელბედობის, ჟამი იდგა ვერაგი,
                        სულიერი გადარჩენის მე შევკერე პერანგი.
                        სხვა რა მექნა, ვტრიალებდი დღისითაც და ღამითაც,
                        შენი ნენეის ცხელი მჭადით ჯვარი შეგვინარჩუნდა.
                        სხვა დროს კიდევ მოგიყვები,
                        აქეთურს და იქეთურს,
                        წუთისოფლად რა გამოლევს,
                        ზნეკეთილს და უკეთურს!"
                         დათოვლილი ბილიკები, ნაკადული ანკარა,
                         ამ წისქვილმა, მადლიანმა, წარსულ დროში მატარა,
                         თურმე რა ,,დიდი" ყოფილა, ჩემი ნენეი პატარა,
                         ლოცვის მადლი, ჯვარის ძალა რუდუნებით ატარა.
                         წამოვედი ღელე-ღელე სიამაყით აღვსილი,
                         თან მომქონდა მჭადის ფქვილი, სულ პირთამდე გავსილი.
                         ჩუმად ვფიქრობ, კიდევ წავალ, რომ მომიყვეს ამბები,
                         შენ წისქვილო, დამელოდე არ დაკეტო კარები!
                         ნეტა იმ დროს მომასწარი,
                         როცა გავმთლიანდებით!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი