აღსაყდრება


მზიან ღამეში, აღსაყდრება მოხდა ნათელი,
სიონის ტაძარს, მოჰფენოდა შუქი, სანთელის.
გამოარჩიეს, რჩეულთაგან  წმინდა ილია,
მას დაეკისრა, გადარჩენის დიდი მისია.
მიმონგრეული ეკლესია-ნატაძრალები,
აღარც მამაო, აღარც ბერი,... ვისღა ელოცა!?
ურწმუნოთ ხელით დაენერგათ შიში და ძრწოლა,
უფლის ხსენებაც ისჯებოდა...მით უფრო, ლოცვა.
ამომზიანდა, პატრიარქი, უკუნეთ ბნელში,
როგორც სინათლე, გამოჩნდება გვირაბის ბოლოს,
რწმენას, სიყვარულს მოითხოვდა კაცთა მოდგმიდან,
გადაგარჩენთო, სიყვარული მხოლოდ და მხოლოდ.
ვიღაც ისმენდა, ვიღაცა არა, ვიღაც კი დუმდა...
ბევრმა კიდევაც იკადრა და  ცილი დასწამა,
სულს უკორტნიდენ, უწოდებდნენ მკვლელს და ბარაბას,
ყველას შეუნდო, მიუტევა, არც კი განსაჯა.
რწმენის სიმტკიცით აღაშენა დიდი სამება,
ლოცვა განავრცო საქართველოს ყველა კუთხეში,
მხოლოდ მშვიდობა, სიკეთე და სულის ზნეობა
სულ ეს ბუდობდა, მის მადლიან, გულის უბეში.
ლოცვით ამრავლა მონაზონნი, მღვდელი და ბერი,
მუხლჩაუხრელად, უდრტვინველად იღვაწა ბევრი.
ღმერთს უგალობა, დანანებით.. ,,დავიღალეო“,
მეც ხომ კაცი ვარ!?..ჰე, უფალო, წამიყვანეო.
ისმინა ღმერთმა მისი სიტყვა, ლოცვა-მუდარა,
ზეცად ამაღლდა, პატრიარქი, სულის სიმშვიდით,
როგორც გვჩვევია, კაცთა მოდგმას, ისევ და ისევ...
სიკვდილის შემდეგ, თავს დავადგით დაფნის გვირგვინი.
მხოლოდღა მაშინ, როცა მოკვდა, აღესრულა  ოცნება მისი
ყველამ იხილა, ქრისტეს რწმენით, დიდი ერთობა,
ლოცვით აღივსო, ყველა კუთხე, ყველა კუნჭული,
ყველგან ისმოდა, გალობა და სიტყვა- ,,მადლობა!“.
სწორედ ეს იყო მისი ნატვრა, ლოცვით ნათქვამი..
გიყვარდეთ ყველა, შეუნდეთ და შეიწყალეთო,
ნურავის განსჯით, მრისხანება არ არის კარგი....
იყავით ღმერთთან ვალმოხდილი, ცამდე მართალი.
გარდაიცვალა პატრიარქი, ღვთიურ ხმიანი,
დაგვრჩა ანდერძი, მისგან თქმული და მადლიანი:
,,გახსოვდეთ მუდამ, მთავარია მხოლოდ სამი რამ,
 ღმერთის დიდება, სამშობლოს დაცვა, ადამიანი!“

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი