ბავშვობის ნოსტალგია
რამდენი ოცნება თან მიაქვს ბავშვობას,
სულ დასტა-დასტა ალაგებს ჩანთაში,
მერე კი დაგვტოვებს, დიდს, სულით პატარებს,
წაგვიყვანს სულ სხვა გზით, სხვა ფიქრთა გამაში.
აღარც ის ონავრობა, აღარც ის სიცელქე,
წავიდა, თან გაჰყვა უტკბილეს ბავშვობას,
ასაკსაც თან მოაქვს სხვა ფიქრთა წყობა,
გვეცვლება ნირი და სულ სხვა გვაქვს განწყობა.
ვეღარც ასკინკილით დავხტივართ ეზოში,
ვეღარ ვისვრებით ნაწვიმარ ტალახში,
ახლა ხომ ,,დიდი,, ვართ, სხვაგვარი რიდი გვაქვს,
გვეუხერხულება ბავშვური თამაში.
მაგრამ ეს გული? გული არ იზრდება
რჩება ისევ იმ ბიჭუნად, ონავარ მზეწვიად,
ვერ ხვდება, არ უნდა, იმაზე ფიქრი, რომ
დამთავრდა ბავშვობა, ,,დიდობა,, ეწვია.
რამდენი ოცნება თან მიაქვს ბავშვობას,
სულ დასტა-დასტა ალაგებს ჩანთაში,
გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენ უკვე დიდი ვართ,
დამთავრდა ბავშვური ცეკვა და თამაში.
ბუდეს იკეთებს სულში ზამთარი,
ახლა სხვაგვარად გალობს ნიბლია,
ყველა დროებას ხიბლი აქვს თავისი,
მაგრამ ბავშვობა ყველაზე ტკბილია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი