მენელაოსის წერილი ელენას


რომ ჩემებურად მუდამ მიყვარდი,
 გულწრფელობაა, განა მითი და...
 შენი ლამაზი გრძნობის ბეჭედი
 მე სხვამ მომპარა გულის თითიდან.
 ყოფას მიშხამავ შენი ღალატით,
 ამ ფანტაზიას ფიქრი დახატავს:
 ვხედავ, მუხლებთან გიწევს პარისი
 და კითარაზე გიმღერს რაღაცას.
 ლაშქარს მოვუძღვი ბერძენ მეფეთა,
 მსურს დავწვა შენი ტრფობის გიშერი.
 არესის შუბით ტროას დავლეწავ
 და თვითონ ზევსიც ვეღარ გიშველით.
 ღალატის გველით მიშხამავ ყოფას,
 სულის ცაც რძისფერ ნისლით მოცულა.
 მართლა მიყვარდი! ჩემი ლაშქარით
 ტროასთვის არა! შენთვის მოვცურავ.
 თუმც ტროას ცხენი იქ მელოდება,
 ტალღებს უყურებს, ჩემს გემს დარაჯობს.
 დავინახავ და... სულის მაჯაზე
 შევიკრავ მედგრად რისხვის სამაჯურს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი