ბოლო აკორდი


თითქოს ავიღეთ ბოლო აკორდი,
მერე ჩვენ შორის ჩადგა ცერბერი.
შენ წერილებით ლაპარაკობდი,
როგორც შოუსთან  ბერნანდ კემპელი.
შენს ნატვრის ქარში, მგონი გავცივდი,
რა საჭიროა მეტი მისნობა.
გოლფის ბურთივით ჩემს კორტს გასცილდი,
ბედმა სხვის კორტზე გადაგისროლა...
მე ასკეტური ყოფა მომინდა
და რა ხანია, თავს ვგრძნობ ობოლად.
ჩემში არ არის, მენდე კონფუცი,
რომ მენახირე ვიქცე ბობოლად.
ჩემში კვლავ სევდა იპოზიორებს
და სიდუხჭირის ბნელი მაცილი.
ფილოსოფოსთა სიმპოსიონებს
და ყველა ბრძენის სიტყვებს დავცინი,
რადგან არ არის ქვეყნად სიმართლე.
ცა ნისლს აბოლებს, როგორც სიგარას.
დარდმა ერთი რქა უკვე მომტეხა,
ცალი რქა შემრჩა როგორც წიქარას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი